ახალი ამბები
ზუგდიდში სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდშიც, დროშები გამოფინეს. დროშები ბულვარის მიმდებარედ ჩამოკიდეს.

ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.

"საქართველოს სახელმწიფო დროშა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს, მისი მხატვრულ-შინაარსობრივი მხარე თეთრ ველზე გამოსახული ხუთი ჯვარი სამყაროს ოთხი მიმართულებით მისი ღირებულებების გავრცელების სურვილს და მისწრაფებას გადმოსცემს.

საქართველოს დროშით იყო აღნიშნული ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე სახელმწიფო, რომელიც საკუთარ სიმბოლოდ აღმართავდა ხუთჯვრიან დროშას. დღეს ჯვარი სეკულარული სიმბოლოა, მაგრამ თანამედროვე ღირებულებების გავრცელების და აღიარების ამბიცია რთულ რეგიონში კვლავ რჩება საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების მაპროფილებელ ნიშნად", - აცხადებენ ჰერალდიკის საბჭოში.