ახალი ამბები
ზუგდიდში 1500-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება
ზუგდიდში მოსახლეობის ნაწილს 16 იანვარს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. საუბარია ქალაქის და რამდენიმე სოფლის მცხოვრებლებზე, ჯამში 1484 აბონენტზე. როგორც "ლაივპრესს" "სოკარ ჯორჯია გაზის" ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დარსანიამ განუცხადა, მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია. კერძოდ, თაბუკაშვილის ქუჩაზე გაზსადენი მილის ჩადების და გადალაგების სამუშაოები უნდა განხორციელდეს, რის გამოც მოსახლეობის ნაწილისთვის გაზმომარაგების შეწყვეტა მოუწევთ.

ქალაქის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის გარეშე დროებით დარჩებიან ყაზბეგის, როგავას, თაბუკაშვილის, ფირცხელავას, ჩიქობავას, არაგვისპირელის, კიკალიშვილის, ორბელიანის, ჭყონდიდელის, თბილისის, ლაღიძის, ვაჟა ფშაველას და ჭალადიდელის ქუჩები. ასევე, გაზი გაეთიშება გამარჯვების, გამსახურდიას, აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩების ნაწილს.

გაზმომარაგება შეუწყდება შემდეგ სოფლებს - ახალსოფელი, უჩაშონა და ოფაჩხაფუ.

გიორგი დარსანიას თქმით, სარეკონსტრუქციო სამუშაოებს 16 იანვრის დილით დაიწყებენ.

"შესაძლოა 17 იანვრის დილით აღვადგინოთ მიწოდება, ან შუადღეს. საკმაოდ რთული სამუშაოებია ჩასატარებელი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საღამოსთვის ბუნებრივ აირს ყველა აბონენტს მივაწვდით", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, სხვა ქუჩებზე წინასწარ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაგეგმილი არ არის. ასეთი გარემოების შემთხვევაში კი მოსახლეობას ინფორმაციას გააფრთხილებენ.