ახალი ამბები
კონსორციუმთან შეწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენა შეუძლებელია - სამინისტრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ გრძელდება პორტის პროექტის "პოლიტიკური მიზნებისთვის" გამოყენება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

მათივე განმარტებით, საინვესტიციო ხელშეკრულება ნამდვილად ითვალისწინებს 60 დღიან წინა საარბიტრაჟო ვადას, მაგრამ ეს პერიოდი უნდა გამოიყენოს იმ მხარემ, რომელიც გეგმავს საარბიტრაჟო დავის წამოწყებას და მხოლოდ წინა საარბიტრაჟო პროცედურებზე მოლაპარაკებას საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილების მიზნით.

"მხარეთა შორის 60 დღიან პერიოდში გასამართი მოლაპარაკებები არ გულისხმობს მოლაპარაკებებს საინვესტიციო ხელშეკრულების რაიმე ფორმით აღდგენის და კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. ხელშეკრულება შეწყვეტილია ყველა დადგენილი სამართლებრივი ნორმის დაცვით და მისი აღდგენა შეუძლებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, საქართველოს მთავრობასა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმების დაცვით. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობაზე, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ "პოლიტიკურ სპეკულაციებს".

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივას, განცხადების მიხედვით, მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მნიშვნელობას და იწყებს პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს.

უფრო ადრე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებენ საარბიტრაჟო დავის თავიდან ასაცილებლად.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს, გარდა ამისა, მისი სიტყვებით, ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა.