ახალი ამბები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას სპეციალური ჯილდო მიიღო
უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, წლის ერთ-ერთ ნომინაციაში სპეციალური პრიზი გადასცა. ფეარ პლეის შედეგების გათვალისწინებით, 55 წევრი ასოციაციიდან, სამი საუკეთესო დაასახელა. მათ შორის, ფეარ პლეის ლიდერი ქვეყანა, ყველაზე პროგრესული და ყველაზე მოწესრიგებული გულშემატკივრით გამორჩეული ევროპული ქვეყანა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 2018-2019 წლის საფეხბურთო სეზონში, ფეარ პლეის რეიტინგში, საქართველოს წინა სეზონთან შედარებით მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი პროგრესით პირველ ადგილზეა. ეს პრიზი ქვეყანამ უკვე მეორედ მიიღო.

"წესების თანახმად, აღნიშნულ შედეგში გათვალისწინებულია, ფეარ პლეის შეფასება, რომელიც საქართველომ უეფას ეგიდით გამართულ როგორც საკლუბო, ისე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მატჩებზე მიიღო 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 30 ივნისამდე.

შეფასება დამოკიდებულია უეფა-ს ფეარ პლეის ანგარიშზე, რომელსაც თითოეული მატჩის შემდეგ უეფა-ს მატჩის დელეგატი ადგენს მსაჯებთან და დამკვირვებლებთან კონსულტაციის შედეგად", - აღნიშნულია განცხადებაში.

ფეარ პლეის მთავარი ჯილდო მიმდინარე სეზონში ფინეთს გადაეცა. ქცევით გამორჩეული გულშემატკივრის ჯილდოს მფლობელი კი ფარერის კუნძულები გახდა. სამივე ფედერაცია, უეფასგან ჯილდოს სახით ფულად პრემიას მიიღებს.