ახალი ამბები
ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ასეთი სპექტაკლი დადგეს - ჯუმბერ იზორია „შეცვალეს“ აქციაზე
ეს იყო თავიდან ბოლომდე პროვოკაცია და კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ასე არ შეიძლება ახალგაზრდები, არასრულწლოვნები ჩართო ისეთ პროვოკაციაში, რაც დღეს აქ იყო, - განაცხადა დეპუტატმა ჯუმბერ იზორიამ მოძრაობა „შეცვალეს“ საპროტესტო აქციის შეფასებისას. მან აღნიშნა, რომ ამ აქციების უკან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დგას ისევე როგორც იმ პრალდებების უკან, რაზეც დღესახალგაზრდები ედავებოდნენ.

„მივმართავდი იმათ ვინც ამათ უკან დგანან, არ შეიძლება, რომ ადამიანებს ასე მოექცნენ ვისაც ქვეყნის, ერის და ხალხის წინაშე დამსახურებული ადამიანები ჰქვია. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ ასეთი სპექტაკლი დადგეს, იმ ადამიანებმა ვინც თბილისიდან დავალებებს ასრულებდნენ, მაგრამ ბოლოს ერთი რამ მინდა გითხრათ, მე იმ ბავშვებთან ჩამოვედი და მართლი გითხრათ ნანობდნენ, ჩვენ არ ვიცოდით სად მოვდიოდით და ვისთან მოვდიოდითო. მართლა ინანეს“.

რაც შეეხება „შეცვალეს“ ბრალდებას უკანონო ბიზნესთან დაკავშირებით, ჯუმბერ იზორიამ აღნიშნა, რომ ყველაფერი სიცრუეა:

„სირცხვილია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს არის ყველაფერი მაგათი შეთითხნილი ბრალდებები, რომელსაც სიმართლესთან საერთოდ არაფერი არა აქვს. შესაბამის ორგანოებს მივმართავ, მსგავსი კანონდარღვევა თუ არსებობს, მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ნებისმიოერი ადამიანი.

მანვე აღნიშნა, რომ არანაირი გავლენით და უპირატესობით არ სარგებლობს. დეპუტატის სიტყვებით, იმას რაც დღეს გააჩნია „დიდი წვალებით“ მიაღწია:

„ჩემი გავლენები არის ეს - ბავშვობიდან შრომით წვალებით, ყველა ომში მონაწილეობით და ადამიანების სიყვარულით და თუ ეს ქვეყნის სიყვარული და ხალხის სიყვარული არის გავლენა, მაშინ, კი ბატონო“, - განაცხადა ჯუმბერ იზორიამ.

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა ცოტა ხნის წინ ჩხოროწყუს დეპუტატების, ჯუმბერ იზორიას და მაჟორიტარის გოგა გულორდავას ბიუროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სკანდირებდნენ „მონა“, „მონა“. აქციის მონაწილეებმა ჯუმბერ იზორიას „კონტრაბანდის გამსაღებელი უწოდეს“. „შეცვალეს“ წევრები ჯუმბერ და ლევან იზორიებს თამაქოს და საწვავის უკანონო ბიზნესში ადანაშაულებენ. საუბრისას მათ ასევე გამოხატეს პრეტენზია იმის გამო, რომ ლევან იზორიას ძმა, რომელზეც პოლიციელმა მამხილებელი ვიდეო გაასაჯაროვა, ჯერ კიდევ არ არის დაკავებული.

ცნობისთვის, 23 იანვარს მთავარმა არხმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, კიტა იზორიას აკავებს, რომელიც სამართალდამცავებს ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს. მოგვიანებით კი პოლიცია ათავისუფლებს იზორიას ძმას. ვიდეო ტელევიზიას იმ პოლიციელმა მიაწოდა, რომელმაც 2014 წელს იზორიას ძმა დააკავა. პოლიციელი ვიდეოს გასაჯაროვების შემდეგ ზეწოლაზე საუბრობს.