ახალი ამბები
მოსახლეობის ჩართულობით, აფხაზეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა შეიქმნება
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ლაბორატორია ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც აფხაზეთის ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნას გულისხმობს. ყველაფერი, რაც ქვეყნის ამ რეგიონს უკავშირდება, იქნება ეს საარქივო მასალები, წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, ფოტოები, აფიშები, საბუთები თუ ბილეთები, ერთიან, ონლაინ სივრცეში მოიყრის თავს.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ "ლაივპრესს" განუცხადა, რომ გარდა იმ მასალების გაციფრებისა, რომელიც დღეს მათთან ინახება, მოქალაქეებისგანაც მიიღებენ ოჯახებში დაცულ ფოტოებს თუ ბეჭდურ დოკუმენტებს. ამ ყველაფერს ელექტრონულ სახეს მისცემენ, ორიგინალებს კი ისევ უკან დააბრუნებენ.

ბიბლიოთეკაში ძირითადად მეოცე საუკუნის მასალები აქვთ. მათ შორის, როგორც საბჭოთა, ისე უფრო ადრინდელი პერიოდის.

"ის, რაც წიგნადი ფონდის, ან სხვა ბეჭდური, ფურცლოვანი მასალის სახით შემოდიოდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ინახებოდა და იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ძირითადი წიგნადი ფონდის ნაწილი. ეს არის წიგნები აფხაზურ და რუსულ ენებზე, ან ქართულ ენაზე, რომელიც აფხაზეთში გამოიცა. ამავდროულად, ცხადია ჟურნალები და გაზეთები", - გვითხრა გიორგი კეკელიძემ.
ფოტოზე გიორგი კეკელიძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი

რატომ გადაწყვიტეს ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა, განმარტავს, რომ ძალიან ბევრი მასალა ზოგიერთი ოჯახისთვის იმდენად ძვირფასია, რომ ორიგინალს ძნელად თუ შეელევიან. ამიტომაც არჩიეს მათი გაციფრება. ამასთან, ონლაინ ვერსია ყველასთვის იოლად ხელმისაწვდომი გახდება.

არქივი აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვისაც მზადდება. ამიტომ, სურვილის შემთხვევაში ენგურს გაღმა მცხოვრებლებს შეეძლებათ ელექტრონული ბიბლიოთეკის ფორმირებაში მონაწილეობა. რამდენად აქვს თანამშომლობის მოლოდინი, გიორგი კეკელიძე აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე დიდი მოლოდინი არ აქვს, თუმცა გამოხმაურებები გაახარებთ.

გაციფრებული ბიბლიოთეკა ოთხენოვანი იქნება. აქ მასალებს დაინტერესებული პირები ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გაეცნობიან.

ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობა 14 თებერვლიდან დაიწყება და ეს პროცესი მასალების მოწოდების პარარელურად განახლდება.

"ამიერიდან ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი და ერთგვარი სიმბოლური სამართალმემკვიდრე გახდება აფხაზეთის ბიბლიოთეკისა, სანამ ის ადრინდელი სახით აღდგება", - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

პროექტს ეროვნული ბიბლიოთეკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერობების განათლებისა და აკულტურის კომიტეტთან ერთად განახორციელებს.