ახალი ამბები
ფოთის ყოფილი მერი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა, გირაოთი შეუცვალა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

ირაკლი კაკულიას ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, უძრავი ქონების უზრუნველყოფით, სხვა დაკავებულები - ზურაბ ყურუა, ნიკოლოზ გრიგოლია და ლევან ჩოჩია კი, 30-30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ყველა მათგანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

"ერთად ვართ და მივდივართ სახლისკენ", - აღნიშნა ადვოკატმა.

აღნიშნულ საქმეზე სულ 11 ადამიანია ბრალდებული. დანარჩენები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს უფრო ადრე.

ირაკლი კაკულია და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე საჯარო მოხელე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 8 ნოემბერს დააკავა. ჯამში პროკურატურა 528 821 ლარის გაფლაგვაზე საუბრობს, საიდანაც მათივე მტკიცებით, კაკულიამ 170 ათასი მიითვისა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებს.