ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ გააუქმა ხორცსაკეპების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გააუქმა ხორცსაკეპი მანქანების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი, "საზოგადოებაში გამოწვეული აზრთა სხვაობის გამო". მერიაში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ ქალებს მერის გადაწყვეტილებით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, აღარ აჩუქებენ ტექნიკას.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა დღესასწაულისთვის 20 სხვადასხვა ორგანიზაციიდან წარმოდგენილ ქალბატონს თაიგულს და 200 - 200 ლარს, ფულად საჩუქარს გადასცემს, რათა თითოეული მათგანის ინტერესი თანაბრად იქნეს გათვალისწინებული. ზუგდიდში მოქმედი 20 სხვადასხვა ორგანიზაცია ქალბატონებს თავად, საკუთარი კრიტერიუმებით შერჩევს და წარადგენს", - განმარტეს მერიაში.

მერია, რომ ქალებისთვის საჩუქრად ხორცსაკეპების შეძენას გეგმავდა, პირველმა "ლაივპრესმა" დაწერა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების მსგავსი მიდგომა დისკრიმინაციულია. მოგვიანებით საკითხზე ზუგდიდის საკრებულოში გენდერულმა საბჭომ იმსჯელა.

მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა 7 თებერვალს გამოაცხადა ტენდერი, სასაჩუქრედ 20 ხორცსაკეპი მანქანის შეძენაზე.