ახალი ამბები
ზუგდიდის მერიაში, მანქანებისთვის საწვავს, სავარაუდოდ, პირადი მიზნებისთვისაც იყენებდნენ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელები, ჯამში - 92,672.3 ათასი ლარის მოცულობით. საუბარი 2017-2018 წლების პერიოდს შეეხება. მასში აღნიშნულია ცალკეულ პროგრამებში დაშვებული ხარვეზები. ერთ-ერთი შენიშვნა საწვავის ხარჯვას შეეხება.

აუდიტის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა 2017-2018 წლებში მსუბუქ ავტომანქანებზე დახარჯა 351.6 ტონა საწვავი. მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაცემულია 188.5 ტონა.

ამავე დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერი და გამგებელი საწვავს ხარჯავდნენ როგორც მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული განპიროვნებული ავტომანქანებისთვის, ისე პირად საკუთრებაში არსებული ტრანსპორტისთვის. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ავტომანქანებზე გაცემულია 25.8 ტონა საწვავი, ხოლო პირად სარგებლობაში არსებული ავტომანქანების მიერ გახარჯულია დამატებით 2.9 ტონა საწვავი.

"გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესწავლით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საწვავი გამოყენებულია სავარაუდოდ არაავტორიზებული ავტომანქანებისათვის. კერძოდ, ცალკეულ ავტომანქანაზე ერთი დღის განმავლობაში, დროის მცირე ინტერვალში, საწვავი ჩასხმულია რამდენჯერმე და მათი ჯამური მოცულობა საწვავის ავზის მოცულობას აღემატება", - აღნიშნულია დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განმარტებით, ავტორიზებულ ავტომანქანებზე, "აგაი" სისტემის ჩიპი, სავარაუდოდ, მყარად არ იყო დამაგრებული და მისი გამოყენებით საწვავის ჩასხმა ხდებოდა სხვა ავტომანქანებშიც. მათი თქმით, არსებობს რისკი, რომ არაიდენტიფიცირებული ავტომანქანების საწვავით გამართვა ხდებოდა პირადი მიზნებისთვის და სამსახურებრივი დანიშნულებით არ გამოიყენებოდა.

ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ხარვეზი, ავტომანქანების გაზრდილი რაოდენობისა და თანამდებობის პირების მიერ კერძო ავტომობილებზე დახარჯული საწვავის შესახებ, დაფიქსირებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ წინა აუდიტის ანგარიშშიც. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს, შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, გამოვლენილი გარემოება არ გამოუსწორებია.

"ამდენად, მუნიციპალიტეტმა სათანადო რეაგირება არ მოახდინა სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს მიერ გამოვლენილ და აუდიტის ანგარიშში ასახულ გარემოებაზე", - აცხადებს აუდიტის სამსახური.

მათივე ინფორმაციით, აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა, მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით, კერძოდ:

დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტს საანგარიშო პერიოდში არ ჰქონდა მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე. ამასთან, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რიცხვი 2-ჯერ აღემატებოდა მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. აუდიტი აღნიშნავს, რომ მერიას სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე. შესაბამისად, კონტროლის არარსებობის პირობებში, "აგაი" სისტემის გამოყენება შესაძლებელია არასამსახურებრივი დანიშნულებით.