ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრში პრემიერაა
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. "უხერხემლო" - ასე ჰქვია ახალგაზრდა დრამატურგის, ალექსანდრე ჩიღვინაძის პიესას, რომელზეც სპექტაკლს პირველად დგამენ.

პიესა ოჯახის და საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებაზე მოგვითხრობს განსხვავებული ადამიანების მიმართ. მის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ყველასგან გარიყული ელა გარდაიცვლება. მშობლებს კი მხოლოდ ის დარჩენიათ, შვილი სოფლის მაცხოვრებლებისგან მალულად, ნაჩქარევად დაკრძალონ. სამძიმარზე მოულოდნელად ჩამოდიან მეგობრები.

"ზღვაზე მინდოდა რომ წამეყვანა ბავშვობაში, მაგრამ ფული ვერ შევაგროვეთ. არადა აქვეა, ყურის ძირში. რა უნდა, ფეხით ჩახვალ, რომ მოინდომო. რამდენი წლის იყო ნეტავ, პირველად რომ ნახა ზღვა?", - იხსენებს გარდაცვლილის მამა.

წარმოდგენის რეჟისორი დავით თურქიაშვილია. მუსიკალურ გაფორმებაზე კომპოზიტორი ლევან სარალიძე იზრუნებს. სპექტაკლში ადგილობრივთან ერთად, მოწვეული მსახიობი, ოთო აშკარელი მონაწილეობს.

პრემიერა 18-19 თებერვალს, 19.00 საათზე გაიმართება.