ახალი ამბები
ზუგდიდში პური გაძვირდა
ზუგდიდში პური დღეიდან 10 თეთრით გაძვირდა. პურსაცხობ შპს „ნაროს“ მეპატრონე დავით ნაროუშვილმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ დღეიდან ზუგდიდის მაღაზიებში პური 70 თეთრი ეღირება.

მისი განმარტებით, ამის მიზეზი ფქვილზე ფასის მომატება გახდა.

„უფრო ადრეც უნდა გაგვეძვირებინა, მაგრამ კონკურენციის გამო ვერ მოვახერხეთ. ახლა ყველა პურსაცხობმა მოუმატა ფასი, რადგან დანახარჯები გაგვეზარდა“, - განმარტა დავით ნაროუშვილმა.

პურსაცხობ შპს „ლეკოს“ მეპატრონე ლევან ბეჭვაიას თქმით, პურზე ფასის მომატება იძულებითი ღონისძიებაა.

„პურის გაძვირება არავის უხარია, მაგრამ ეს იძულებითი ღონისძიებაა, რადგან ფასებმა მოიმატა ფქვილზე, საწვავსა და სხვა ნედლეულზე. ამიტომაც, იძულებულები ვართ, რომ ჩვენც გავზარდოთ ფასი. წინააღმდეგ შემთხვევაში გავკოტრდებით. თბილისსა და სხვა ქალაქებში ჩვენზე უფრო ადრე გააძვირეს“, - გვითხრა ლევან ბეჭვაიამ.

პურზე ფასმა თბილისში 2018 წელს მოიმატა, რაც მთავრობის განმარტებით, უცხოეთის ბაზარზე ხორბლის გაძვირებამ გამოიწვია. მაშინ ზუგდიდში პურის ფასი არ მომატებულა. პურსაცხობების მეპატრონეები აცხადებდნენ, რომ სავარაუდოდ პურზე ფასის გაზრდა მათაც მოუწევდათ.