ახალი ამბები
თვითმმართველობის გადასაწყვეტია, აღიმართება თუ არა ღვთისმშობლის მოზაიკა მთავარ მოედანზე - მეუფე გერასიმე
ჩვენ ამოვედით იქიდან, რომ აქ იყო ჯვარი და რომ ჯვრის ადგილას აღგვემართა ისევ ქრისტიანული სიმბოლიკა, - განუცხადა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებს, ზუგდიდში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის მაკეტის განხილვის დაწყებამდე. მისი თქმით, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ამ ქალაქს უკავშირდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, მთავარ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკის აღმართვის. მისივე განმარტებით, ეს ინიციატივა მოიწონეს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოშიც.

ეპისკოპოსის განმარტებით, განხორციელდება თუ არა ეს ჩანაფიქრი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, იმიტომ, რომ ტერიტორია ქალაქს ეკუთვნის. მისივე აზრით, ღვთისმშობლის მოზაიკის დადგმა ტურისტული

კუთხითაც მნიშვნელოვანია.

"როცა ადამიანი შემოდის ქალაქში და დაინახავს ღვთისმშობლის მოზაიკის შესანიშნავ პანორამას, თავისთავად იკითხავს, რატომ არის აქ, ისტორია რასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ტურისტული თვალსაზრისითაც მოიზიდავს ბევრს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ადრე თუ გვიან უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში, და ეს გზა არის აფხზაზეთისკენ და სოხუმისკენ მიმავალი გზა, ღვთისმშობელი დალოცავს ადამიანებს, რომ მშვიდობიანად დავბრუნდეთ ჩვენს ძირძველ ტერიტორიაზე", - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მიმდინარეობს ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის პროექტის პრეზენტაცია, რომლის დადგმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინიციატივით ქალაქის მთავარ მოედანზე სურთ. წარადგენენ სამ მაკეტს, რომელთაგან ერთი, ეპარქიის განმარტებით, კათოლიკოს პატრიარქმა უკვე მოიწონა.

შეხვედრას სასულიერო პირები, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან.

მანამდე ვიდეომიმართვა ეპარქიის მდინავრმა და მღვდელმა, დიმიტრი ვეკუამ გაავრცელა. მან მოსახლეობას განხილვაში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად, კონსესუსის გზით უნდა მიიღონ. მათივე ზრით, ამ ინიციატივის განხორციელება, მუნიციპალიტეტში რელიგიური ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ნიშის აღმართვის წინადადებას თავის დროზე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მოქალაქეთა ნაწილის თქმით, ასეთი ტიპის მონუმენტები უნდა დაიდგას არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არამედ რელიგიურ საკულტო ნაგებობებთან. იგივე პოზიციაზეა საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატი სანდრო სორდიაც.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ კი თავის დროზე, როცა ინიციატივა გაჟღერდა, განაცხადა, რომ ამ საკითხზე დაიწყება მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრები.

მთავარ მოედანზე ადრე ლენინის და სტალინის ძეგლები იდგა.