ახალი ამბები
ენგურის ხიდი ჩაიკეტა
აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სოხუმმა დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა აკრძალა. „ლაივპრესს“ გალის მცხოვრებლებმა უთხრეს, ენგურის ცენტრალური გამშვები პუნქტი დღეს 13:00 საათზე ჩაკეტეს:

„ჯერ-ჯერობით ორმხრივად არის ჩაკეტილი. არც აქეთ უშვებენ და არც იქით, გალში. ზუსტად არავინ იცის როდემდე იქნება ასე“, - უთხრა „ლაივპრესს“ სატელეფონო საუბარში გალში მცხოვრებმა ციალა არონიამ.

დღეს დილით ენგურის ხიდზე შეზღუდვები არ იყო, თუმცა მოქალაქეებს ხიდის ჩაკეტვის მოლოდინი ჰქონდათ.

კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიზნით, სოხუმი სამედიცინო ამბულატორიის გახსნას გეგმავს ენგურის ხიდის პარალელურად რუსეთის საზღვართან, ფსოუზეც.

სოხუმის განცხადებით, დე ფაქტო რესპუბლიკაში "უცხო ქვეყნის" მოქალაქეებს შესვლა და გასვლა აეკრძალებათ. დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ მოქალაქეებს მოუწოდა "საზღვარგარეთ მოგზაურობისგან" თავი შეიკავონ.

სამეგრელო-აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, მოძრავი ამბულატორია 29 იანვარს განთავსდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გადიან სამეგრელოდან აფხაზეთში მიმავალი მოქალაქეები. ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენ საქართველოში გადმომსვლელებს კი სურვილის შემთხვევაში ამოწმებენ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შესახებ განცხადება 26 თებერვალს გაკეთდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საგანგებო სხდომის შემდეგ, სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელცი 25 თებერვალს, აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მინისტრის ცნობით, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.