ახალი ამბები
ჭყონდიდის მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, რომ ზიარებისთვის ერთჯერადი კოვზები გამოიყენონ
იმ შემთხვევაში, თუ ახალი კორონავირუსი ეპიდემიის სახეს მიიღებს, ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი არ გამორიცხავს ტაძარში ერთჯერადი კოვზების გამოყენებას. თუმცა ამბობს, რომ დღეს ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი თქმით, თუკი შევლენ სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირებულ პაციენტებთან, ასეთ დროს შეიძლება გამოიყენონ ერთჯერადი ხელთათმანი, პირბადე და კოვზები, რომელიც შემდეგ დაიწვება.

"კოვზიდან არ ვეზიარები მე, ბარძიმიდან ვეზიარები. ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის მადლობა ღმერთს. ორიათასი წელი გავიდა, სხვადასხვა ჭირი იყო და პირიქით, იკურნებოდა ბარძიმიდან ხალხი და არ გადადიოდა ვირუსები და სხვადასხვა ინფექციები. ყველაფერი კარგად იქნება.

მადლობა ღმერთს, ჯერ ჩვენთან არ მოვიდა ეს პანდემია. როგორც ექიმი ვამბობ, პრობლემა არ არის. ეზიარონ როგორც არის. მაგრამ, ჩვენ მოგვიწევს იმ საავადმყოფოებში და კარანტინში შესვლა, ზიარება იმ ადამიანების, და იქ უნდა დავიცვათ ანტისეპტიკა და ერთობლივად ექიმებთან, ეპიდემიოლოგებთან, ინფექციონისტებთან შეიძლება დავამუშაოთ, როგორ უნდა ვაზიაროთ", - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

საქართველოს საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება. მასში აღნიშნულია, რომ ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ გავრცელდა სხვადასხვა სახის სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია, თუმცა მართლმადიდებელი მორწმუნე ადამიანები არ უფრთხოდნენ ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას.

დღეს ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში კი ამბობენ, რომ რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ვერ გასცემენ.