ახალი ამბები
წალენჯიხის და ჩხოროწყუს სოფლებში ტყის მასივი იწვის
წალენჯიხის სოფელ ჯგალისა და კანთის საზღვართან, ჩხოროწყუს სოფელ მუხურის მიმდებარედ ტყის მასივი იწვის.

წალენჯიხის მერის წარმომადგენელმა ჯგალში მერაბ კვარაცხელიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება.

„მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. დღის მეორე ნახევარში გაჩნდა ცეცხლი, მის ჩასაქრობად მუშაობს სახანძრო სამაშველო სამსახური, თუმცა ქარია, ტყის მასივიც მიუვალი ადგილია და მისი ჩაქრობა ვერ მოხერხდა. მეხანძრეები ხვალ დილიდან განაგრძობენ სამაშველო ოპერაციას“, - განაცხადა მერაბ კვარაცხელიამ.

განახლება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუხურში, თარზენის უბანში, სადაც ხანძარია, ამ წუთებშიც მობილიზებულია სახანძრო - სამაშველო სამსახურის ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

ისინი უსაფრთხოების მიზნით მონიტორინგს მთელი ღამის მანძილზე გაგრძელებენ. ცეცხლის ლოკალიზებას კი, ხვალ დილიდან გააგრძელებენ.

მერიის ცნობითვე, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და სხვა ხელმძღვანელი პირები.

ოფიციალური ცნობით, დასახლებაში ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.