ახალი ამბები
ფოცხოეწერში საკარანტინო ზონა არ მოეწყობა
ფოცხოეწერი მოხსნილია დღის წესრიგიდან, რადგან იქ არსებული ინფრასტრუქტურა არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა.

მისი სიტყვებით, შეისწავლეს იქ არსებული შენობა და ამის შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

„რეგიონის მასშტაბით განიხილება რამდენიმე ადგილი, რომლიდანაც აირჩევა ერთი სადაც განთავსდება საკარანტინო სივრცე, ამჯერად მიმდინარეობს შერჩევის პროცესი. მოსახლეობას განუმარტავთ, რომ პანიკის საფუძველი არა არსებობს, საკარნტინო სივრცეები ეწყობა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვიყოთ შესაბამისი რეაგირებისთვის და კარანტინის პერიოდში მოქალაქეებს ჰქონდეთ კომფორტულ პირობებში ყოფნის საშუალება“, - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფოცხოეწერის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია ინფორმაციამ იქ მდებარე სასტუმრო „ენგურის“ შესაძლო საკარანტინო ზონად გადაკეთების შესახებ.

ადგილობრივმა ირაკლი აკობიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მოსახლეობა სასტუმროში საკარანტინო ზონის განთავსების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გამართავდა.