ახალი ამბები
ეს შეთანხმება ერთ-ერთი საყრდენი წერტილია დემოკრატიული განვითარების გზაზე - დიპლომატები
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების ფასილიტატორი დიპლომატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლის ტექსტსაც აშშ-ის საელჩოს პრესსამსახური ავრცელებს.

ისინი ულოცავენ დიალოგის მონაწილეებს დღევანდელ წარმატებულ შეთანხმებას, რაც უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიაჩნიათ საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მისაღწევად, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში.

"დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, ერთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40 პროცენტზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა", - ამბობენ განცხადების ავტორები.

მათივე თქმით, შეთანხმებას თან ახლავს მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უფრო ზოგადი მიზანია, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნას როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა აირიდონ.

დიპლომატების განმარტებით, დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამიტომ, მოუწოდებენ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყონ მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს, ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას რამდენიმე წუთის წინ მიღწია. გაფორმდა მემორანდუმიც, რომელსაც ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.

ამ შეთანხმებას წინ არაერთი შეხვედრა და საპროტესტო აქცია უძღოდა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.