ახალი ამბები
სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ნარჩენის წვისგან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას, თავი შეიკავონ ნარჩენის წვისგან, რამაც შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს. მათივე განმარტებით, ზაფხული მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. ამავდროულად, სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

„გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ნალექის რაოდენობა წელს საქართველოში მნიშვნელოვნად, 20-40 პროცენტითაა შემცირებულია. ხანძრების აქტიური გახშირება კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგია, რაც შესამჩნევია საქართველოშიც. ხანგრძლივი უნალექო პერიოდის გამო, რომელიც საქართველოში მთელი ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდა, ხანძრების რისკი ტყეებში განსაკუთრებით მომატებულია - გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი. რაც როგორც ხანძრის წარმოშობას, ასევე მის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს.

2020 წლის 1 მარტიდან 10 მარტის 09:00 საათის მდგომარეობით, ტყის ეროვნული სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში ხანძრის 43 შემთხვევა დაფიქსირდა, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საერთო ფართობმა 546 ჰექტარი შეადგინა. ამ ეტაპისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით რვა ღია კერა ფიქსირდება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს არსებული მდგომარეობა რეგიონების მიხედვით ასეთია: კახეთი 18 კერა - 168 ჰექტარი; სამცხე-ჯავახეთი 1 კერა 1 ჰექტარი; რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი 3 კერა - 60 ჰექტარი; ქვემო ქართლი 5 კერა - 65 ჰექტარი; შიდა ქართლი 2 კერა - 15 ჰექტარი; გურია 4 კერა - 8.5 ჰექტარი; იმერეთი 6 კერა - 16 ჰექტარი; სამეგრელო-ზემო სვანეთი 4 კერა - 200 ჰექტარი ფართობის სიდიდის მიუხედავად ხანძარი მხოლოდ ქვეტყეზე და ბუჩქნარზე გადავიდა. მცხეთა-მთიანეთი 1 კერა - 10 ჰექტარი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200-ლარამდე. რასაც ემატება გარემოზე მიყენებული ზიანი. თუ ზიანი შეადგენს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.