ახალი ამბები
ზუგდიდში დადასტურებული შემთხვევა თურქეთს უკავშირდება - გამყრელიძე
ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში დადასტურდა, მეორე კი ქუთაისში, თუმცა ავადმყოფი არის ზუგდიდში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში. ამირან გამყრელიძის თქმით, ორივე შემთხვევა თურქეთს უკავშირდება.

"ახლა დაიწყო ჩაღრმავებული ეპიდ კვლევა, ანუ წყარო რა არის, მოდის მხოლოდ თურქეთიდან თუ მოდის კიდევ სხვა ქვეყნიდან. ამაზე ჯერ ვერ დავკონკრეტდები. ჩვენ სადღაც შუადღისას გვეცოდინება უფრო მეტი ამ ორი შემთხვევის შესახებ", - აღნიშნა მან.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს რომ კორონავირუსი დაუდასტურდა, ეს ინფორმაცია უფრო ადრე "ლაივპრესს" ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.

ის კორონავირუსის სიმპტომებით 24 მარტს, გვიან ღამით მოათავსეს. პაციენტი სოფელ ზედაეწერის მცხოვრებია.

ქვეყანაში კორონავირუსის სულ 75 დადასტურებული შემთხვევაა.

10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.