ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურში ანაკლიის კარანტინიდან ერთი პაციენტი მოათავსეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ერთი პირი გადაიყვანეს. როგორც ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, პაციენტს აქვს მაღალი ტემპერატურა და ხველება. მას ამ წუთებში უტარდება სამედიცინო კვლევები.

„ხვალ დილით გახდება ცნობილი პაციენტის საერთო მდგომარეობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ანალიზები გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“, - აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში. პაციენტი ქობულეთის მკვიდრია და კარანტინს ანაკლიის სასტუმროში გადიოდა. 

ცნობისთვის, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში უკვე იმყოფება ერთი პირი, რომელსაც დღეს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი. ის 67 წლის მამაკაცია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის მცხოვრები. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების თქმით, დამაკმაყოფიებელია, თუმცა აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები - ხველება და ტემპერატურის მატება. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს - 20 მარტს დაბრუნდა საქართველოში და მას შემდეგ ექიმების მტკიცებით, თვითიზოლაციის წესებს მკაცრად იცავდა.