ახალი ამბები
Covid-19-ის სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურში ჩხოროწყუდან მამაკაცი მოათავსეს
Covid-19-ის სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტია შეყვანილი, ამჯერად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან. მას აღენიშნება ცხელება და ხველა. პაციენტს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, არც კორონავირუსით ინფიცირებულთან კოტაქტი ჰქონია.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევა უტარდება:

„ამ წუთებში მიმდინარეობს სადიაგნოსტიკო ღონისძიებები. ანამნეზი დადგინდება, დადასტურდება და შემდგომ გადაწყდება, გაიგზავნება თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზები“, - აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მანამდე კიდევ ერთი პაციენტი, სოფელ კახათიდან ხველის და ტემპერატურის ნიშნებით მოათავსეს.

ამავე დაწესებულებაშია ერთი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც საკარანტინო ზონიდან გადმოიყვანეს, დაკვირვების შემდეგ გაწერეს. საავადმყოფო ასევე დატოვა ერთი ოჯახის 4-მა წევრმა. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.