ახალი ამბები
Covid-19-ით ინფიცირებულის მკურნალობა მიმდინარეობს გართულების გარეშე - ზუგდიდი ინფექციური
67 წლის მამაკაცი, რომელსაც 25 მარტს Covid-19 დაუდგინდა, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს. ეიქმ-ინფეციონისტის ლალი დარახველიძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდომარეობა სტაბილურია.

„ზოგადად პაციენტი არის გართულების გარეშე. ჩივილებს რაც შეეხება, აქვს მსუბუქი ხველა. ცხელება უკვე ნაკლები აქვს, ნელ-ნელა იკლებს. მისი მკურნალობა მიმდინარეობს გაიდლაინების მიხედვით“, - განაცხადა ლალი დარახველიძემ.

ჯამში ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტი რჩება. აქედან ერთი, 50 წლამდე ქალი ოკუპირებული აფხაზეთიდან 29 მარტს, გვიან ღამით მოათავსეს. მისი ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბოროტორიიდან დღეს გახდება ცნობილი. საავადმყოფოში დაკვირვების მიზნით რჩება კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან 28 მარტს მოათავსეს.

ცნობისთვის, მამაკაცი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერის მცხოვრებია. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ჯანდაცვის ცენტრში ირწმუნებიან, რომ პაციენტი საკუთარ სახლში მკაცრად იცავდა იზოლაციის წესებს. ცოლი, რომელთან ერთადაც ის სახლში იმყოფებოდა, ასევე თვითიზოლაციაშია.

მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის ცენტრმა ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით სოფელ ზედა ეწერში ოჯახების გამოკვლევა 29 მარტიდან დაიწყო. სოფლის მცხოვრებლებს უზომავენ სიცხეს, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანს ტემპერატურის მატება დაუფიქსირდება, გადაიყვანენ ჰოსპიტალში. ექიმებმა ამ ეტაპზე 150 მოქალაქე გასინჯეს, თუმცა არცერთ მათანს მაღალი ტემპერატურა არ დაუფქისირდა.