ახალი ამბები
საოკუპაციო ხაზთან ჩვენი მოქალაქეების დაინფიცირების რისკი მაღალია - ზუგდიდის მერი
ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების მნიშვნელოვნად გამკაცრება, საოკუპაციო ხაზთან სიახლოვემ განაპირობა, - განაცხადა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში.

„ჩვენ ვიმყოფებით საოკუპაციო ხაზთან. დღეს იქ რთული ვითარებაა. ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფება აფხაზეთის ტერიტორაზე. ჩვენი მოქალაქეების დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იქ არის პირველადი საჭიროების ნივთებზე დეფიციტი. აქედან გამომდინარე აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად ცდილობენ გადმოსვლას ჩვენს ტერიტორიაზე და ამ რისკებისგან თავის არიდებას.

ჩვენ მაქსიმალურად ოპერატიულად ვრეაგირებთ ამ მიმართულებთ და ყველა მოქალაქე, რომელიც კი გადმოკვეთავს სადემარკაციო ხაზს, დღევანდელ დე ფაქტო საზღვარს, ჩვენ შესაბამის ღონისძიებებს ვატარებთ და მაქსიმალურად ვაზღვევთ რისკებს“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ. 

მისივე თქმით, ენგურის ხიდიდან გადმოსულ მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ, შემდეგ კარანტინში გადაჰყავთ.

29 მარტს, აფხაზეთის სოფელ საბერიოდან ზუგდიდში, 50 წლის ქალი, გვიან ღამით გადმოიყვანეს. მას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ფახულანში სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახვდა. ეს პირველი პაციენტია, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან ახალი კორონავირუსის ნიშნებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. კლინიკის ინფორმაციით, კორონავირუსზე ანალიზის პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს გახდება ცნობილი.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე უკვე მკურნალობს სოფელ ზედაეწერის მკვიდრი, 67 წლის მამაკაცი. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ზუგდიდის მერის ინფორმაციით, მისი კონტაქტები დადგენილია.

საქართველოში, 30 მარტის, დილის მონაცემებით, კორონავირუსის 98 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანრთელდა 18.