ახალი ამბები
ზუგდიდის ბაზრის შესაძლო დახურვის საკითხზე დღეს იმსჯელებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, გააგრძელებს თუ არა ზუგდიდის ბაზარი ფუნქციონირებას, ამ საკითხზე დღეს სპეციალური შტაბის გაერთიანებულ სხდომაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. როგორც მერმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, აგრარულ ბაზარში ყოველდღიურ რეჟიმში ზედამხედველობის სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და პოლიციის დახმარებით მიმდინარეობს მონიტორინგი, დღეს კი ბაზრის ადმნისტრაცია მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართავს:

„დღეს ადმინისტრაციის დახმარებით მოხდება ხმოვანი სიგნალების გავრცელება მეწარმეების მიმართ, რათა მათ მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია და ერთმანეთს არ შეუქნან საფრთხე. ასევე მიმდინარეობს სურსათის განთავსებაზე კონტროლი, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენაციით ხდება. ბუნებრივია ბაზარში შეიძლება შეიმჩნეოდეს შიგადაშიგ ხალხთმრალობა, მაგრამ პროცესის დარეგულირებაში ჩვენი მოხალისეებიც აქტიურად არიან ჩართული“, - განაცხადა მერმა.

ამასთან გიორგი შენგელიას ცნობით, კომენდანტის საათი მუნიციპალიტეტის მასშტაბით წუხელ არავის დაურღვევია.

„ღამემ ჩვენს მუნიციპალიტეტში მშვიდად ჩაიარა. არცერთი მოქალაქე არ დაჯარიმებულა. მინდა მათ მადლობა ვუთხრა ამ პასუხისმგებლობისთვის და მინდა ასევე მოვუწოდო, რომ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ზუგდიდის მერმა.

ზუგდიდის, სენაკის და ფოთის აგრარული ბაზრების შესაძლო დახურვაზე განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ 1 აპრილს გააკეთა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ და განმარტა, რომ თ ისინი არ შესრულდება, ბაზრებს დახურავენ. 

კორონავირუსის გავრცეების შეჩერების მიზნით სამეგრელო განსაკუთრებული მკაცრი კონტროლის პირობებში 28 მარტიდან ცხოვრობს, რასაც 31 მარტიდან დაემატა ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული კარანტინი. ცარიელია მოქალაქეთა თავშეყრის ადგილები - პარკები და სკვერები. არ მუშაობს არცერთი ობიექტი სასურსათო მაღაზიების, ბანკებისა და აფთიაქების გარდა. ნაკლები დატვირთვით მუშაობს ზუგდიდის ბაზარი, სადაც სიფრთხილის მიზნით მოვაჭრეთა ნაწილმა მაღაზიები დროებით დახურა, თუმცა პროდუქტების შეძენისას მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვა უჭირთ.

3 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 148 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელებულია 27. კარანტინის რეჟიმში რჩება 5550, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -კი, 281.