ახალი ამბები
ზუგდიდის ერთ-ერთი ქუჩისთვის თენგიზ ცერცვაძის სახელის დარქმევა სურთ
ფეისბუკ გვერდ "ზუგდიდი თაიმსის" შემქმნელი მერაბ ოკუჯავა ქალაქში მოქმედი გამარჯვების ქუჩისთვის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის სახელის დარქმევას ითხოვს. ამასთან, მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას, მას საპატიო ზუგდიდელის წოდება მიანიჭონ.

მერაბ ოკუჯავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ თენგიზ ცერცვაძე თავისი დამსახურების და იმ საქმის გამო, რასაც აკეთებს, ამ ყველაფერს ნამდვილად იმსახურებს. ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავს ოფიციალური წერილით საკრებულოს მიმართოს.

"აქ ცხოვრობდა ზუგდიდში გარკვეული პერიოდი, გამარჯვების ქუჩაზე გაატარა ახალგაზრდობა. პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. ალბათ მივმართავთ საკრებულოს. არ იქნება პრობლემა ამის გაკეთება", - განმარტა ინიციატორმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ალტერნატივად სხვა ქუჩის შემოთავაზება მიუღებლი იქნება.

"არც მიფიქრია ამაზე. ხელმოწერების შეგროვებაც არ იქნება პრობლემა", - განმარტა მერაბ ოკუჯავამ.

მისი ფეისბუკ პოსტის ქვეშ მოქალაქეები იზიარებენ ამ წინადადებას და ერთხმად აღნიშნავენ, რომ თენგიზ ცერცვაძე ნამდვილად იმსახურებს ზუგდიდში მისი სახელობის ქუჩას.

საკრებულოს ეკონომიკის და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ადამიანი უდავოდ ღირსია არამხოლოდ ზუგდიდში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც მისი სახელობის ქუჩა და სკვერები იყოს, თუმცა ყველაფერს თავისი წესი აქვს, ეს წესი კი გამორიცხავს ცოცხალი ადამიანისთვის ამ კუთხით პატივის მიგებას.

"ჩვენ გვიწერია, რომ გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ არის შესაძლებელი. გამონაკლისის დაშვებაც შეგვიძლია, თუ 20 წელი ჯერ კიდევ არ არის გასული. მაგრამ ამაზე კომისიამ უნდა იმსჯელოს", - უთხრა "ლაივპრესს" ირაკლი ლაგვილავამ.

მისი აზრით, ძალიან კარგია, რომ ადამიანები ცდილობენ პატივისცემა გამოხატონ თენგიზ ცერცვაძის მიმართ, მაგრამ ახლა უმჯობესია ეს სხვაგვარად სცადონ და გამოხატონ, არ იყოს ტრაფარეტზე წაწერილი პატივისცემა.

კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომც იყოს შესაძლებელი, პირველ რიგში სწორედ ამ ადამიანს უნდა ჰკითხონ, სურს თუ არა სიცოცხლეშივე ძეგლი, ან ქუჩას მისი სახელი ეწოდოს.

ირაკლი ლაგვილავა დარწმუნებულია, მომავალი თაობა არამხოლოდ თენგიზ ცერცვაძეს, მის ყველა სხვა კოლეგასაც არ დაუკარგავს ამ ღვაწლს ერის და კაცობრიობის წინაშე.

მერაბ ოკუჯავა თენგიზ ცერცვაძისთვის საპატიო ზუგდიდელის წოდების მინიჭებასაც ითხოვს.

ზუგდიდის მერიაში გვითხრეს, რომ ისინი განიხილავენ ყველა საინიციატივო ჯგუფის წინადადებას, მით უფრო ისეთი ადამიანის კანდიდატურის შემოთავაზებას, როგორიც თენგიზ ცერცვაძეა.

"ამ ადამიანს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის, და არამარტო ჩვენი ქვეყნის წინაშე. მითუმეტეს დღევანდელ ვითარებაში. ასე რომ, აუცილებლად განვიხილავთ ასეთი ადამიანების კანდიდატურას", - განმარტეს მერიაში.

თენგიზ ცერცვაძე 2007 წლიდან ხელმძღვანელობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრს. ის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. არის იმუნოლოგი და აქვს პროფესორის ხარისხი.

მისი მშობლებიც ექიმები იყვნენ და გარკვეული პერიოდი ზუგდიდში მუშაობდნენ. 

სწორედ ამ პერიოდში ცხოვრობდა თენგიზ ცერცვაძე ზუგდიდში.