ახალი ამბები
Covid-19 დაუდასტურდა სპორტსმენს, რომელიც სამეგრელოში აქტიურ შეხვედრებს მართავდა - რუსთავი 2
ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ინფორმაციით, Covid-19 დაუდასტურდა საქართველოში ერთ-ერთ ძალოსან სპორტსმენს, რომელიც სამეგრელოშიც რამდენიმე ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა და მოსახლეობასთანაც ჰქონდა აქტიური შეხვედრები. ტელეკომპანია სპორტსმენის ვინაობას არ ასახელებს.

„Covid-19 დაუდასტურდა ერთ-ერთ სპორტსმენს, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ, თუმცა შესაძლოა შემთხვევა განსაკუთრებული აღმოჩნდეს, რადგან "კურიერმა" ასევე გაარკვია, რომ ძალოსანი სპორტსმენის საკონტაქო წრე საკმაოდ ფართოა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ის იმყოფებოდა დედაქალაქში სხვადასხვა ადგილას, იყო ადამიანების წრეში. ასევე ჩასული იყო სამეგრელოში. იმყოფებოდა რამდენიმე რაიონში და სტუმრად იყო რამდენიმე ოჯახში. მას არ აქვს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია“, - იუწყება „რუსთავი 2“.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საუბარია 79 წლის ქალზე, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. ის მარნეული-ბოლნისის კლასტერის წარმომადგენელი იყო. მისი მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკულად ფასდებოდა.

4 აპრილის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შეთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 გამოჯანმრთელდა. მთავრობის ვებგვერდი stopcov.ge-ის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 5526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 344.