ახალი ამბები
უალტერნატივოა ადამიანის სიცოცხლის დაცვა - მღვდლებისა და თეოლოგების მიმართვა
FaceBook Twitter
E-mail Print
სასულიერო პირებისა და თეოლოგთა ნაწილი მოქალაქეებს მიმართავს აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩნენ. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ უარს ვამბობთ და საერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში.

განცხადების ავტორები ამბობე, რომ „უალტერნატივოა ადამიანის სიცოცხლის დაცვა, რადგან ბიბლიური სწავლების მიხედვით, სწორედ ადამიანი წარმოადგენს საღმრთო ქმნილების გვირგვინს“.

იცხილეთ მიმართვის სრული ტექსტი:

„იესო ქრისტე – ჩვენი პასექი

სააღდგომო გზავნილი ჩვენი ქრისტესმიერი დებისა და ძმებისადმი

ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ერთ-ერთ უმთავრესი კეთილი უწყება არის ადამიანში უფლის ხატისა და მსგავსების (დაბ. 1,26-27) განახლება და თავად ადამიანის გაცხადება სულიწმინდის სამკვიდრებელ ტაძრად (1კორ 6,19). ნებისმიერი რიტუალი კი სწორედ ამ ჭეშმარიტების მოფრთხილებასა და შენარჩუნებას უნდა ემსახურებოდეს. უალტერნატივოა ადამიანის სიცოცხლის დაცვა, რადგან ბიბლიური სწავლების მიხედვით, სწორედ ადამიანი წარმოადგენს საღმრთო ქმნილების გვირგვინს. ამიტომ ეკლესიის უპირველესი ვალდებულებაც ამ საღმრთო შემოქმედების გვირგვინის გადარჩენაა.

ადამიანისადმი უსაზღვრო სიყვარულით ქრისტემ თავი დაიმდაბლა, ნებსით შეიმოსა ჩვენი მოკვდავი ბუნება და ამგვარად შემოვიდა სიკვდილის საუფლოში, რომლის მკვიდრი არის ყოველი ჩვენგანი უკვე დაბადებიდანვე. ამ შემოსვლით უფალმა სიკვდილის წყვდიადში შემოიტანა თავისი მარადიული სიცოცხლის ნათელი, რათა ის ჩვენთვის გაეზიარებინა და ასე მოეპოვებინა ჩვენთვის სიკვდილისგან ხსნა მერმინდელ საუკუნეში. ასე გაიღო მან საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის და ასე დასძლია სიკვდილი საკუთარი ჯვარცმით. ეს რწმენა გვანიჭებს იმედს, რომ სიკვდილი არ არის ბოლო სიტყვა ჩვენს ცხოვრებაში. და ეს იმედი გვჭირდება დღეს ისე, როგორც არასოდეს, როდესაც ვხედავთ, როგორ ბოგინობს სიკვდილი მთელ მსოფლიოში პანდემიის სახით. ამ დროს უნდა შევახსენოთ ჩვენს თავსა და ერთმანეთს საგალობლით, რომ: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინა ცხოვრების მომნიჭებელი!“

იესო ქრისტე, ჩვენი პასექი (1კორ. 5,7), შეიწირება ყოველი ლიტურგიისას, რათა საკუთარ უკვდავებას გვაზიაროს, ამ უკვდავების თანაზიარი ჩვენც გაგვხადოს. ეს თანაზიარება ხდება უწმინდესი ევქარისტიის მეშვეობით და იმ საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობით, რომლის კულმინაციასაც ეკლესიის ლიტურგია წარმოადგენს. ამიტომ ლიტურგიულ ცხოვრებაში მონაწილეობა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის მათთვის, ვინც მოწვეულია „კრავის საქორწინო სერობაზე“ (გამოცხ. 19,9), ანუ ყველასთვის, ვინც ყოვლადწმინდა სამების სახელით არის მონათლული. ეკლესიის ლიტურგია ეკლესიის ცხოვრების უბრალო შემადგენელი ან თანმდევი კი არაა, მის სხვა ფუნქციებთან ერთად, არამედ მისი არსებობის შუაღერძსა და საძირკველს წარმოადგენს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანული სწავლების მიხედვით უფალთან მიახლების გზა, უპირველესად სწორედ ჩვენს გულსა და გონებაზე გადის. ამ შინაგანი ფერისცვალების გამოხატულება კი ის ლიტურგიული ფორმებია, რომელთა მეშვეობითაც ეკლესია სახარებისეულ საზრისებს ასახავს. ქრისტესთან ჭეშმარიტი ურთიერთობა, მასთან ზიარება მხოლოდ ტაძარში სიარულით არ გამოიხატება. ჩვენ სხვაგვარადაც შევიქნებით ქრისტეს ჭეშმარიტი ტაძარნი, როგორც მისი სხეულის ნაწილნი (ეფ. 5,30) და მის წმიდა სხეულს ჭეშმარიტად თანაზიარნი. ვინც დღეს ეპიდემიის გამო თავს იკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისაგან, არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა.

მოშიშება ყოველთვის სიმხდალეს არ ნიშნავს, ხანდახან იგი დიდი საქმის საფუძველი ხდება. მენელსაცხებლე დედებთანაც კი, ანგელოზი შიშის განქარვებით იწყებს საუბარს: ,,ნუ გეშინინ, თქვენ“ (მთ. 28,5). დედებთან, რომლებმაც მხნეობის და სიმამაცის გასაოცარი მაგალითი გამოავლინეს, როდესაც უფლის საფლავისკენ გაეშურნენ. ისეთი საყოველთაო გასაჭირისას, როგორც პანდემიაა, ადამიანებს ხშირად ეუფლებათ უიმედობა და შიში, რაც სავსებით ბუნებრივია. ვნების კვირა სწორედ ასეთ ამბავს ეძღვნება. სიბნელე, ტკივილი, ტანჯვა, ჯვარცმა – ეს ყოველივე უფალმა განიცადა ჩვენთვის. მაგრამ სულ ცოტაც და აღდგომის ბრწყინვალება ყოველივეს მოეფინება და განანათლებს. ეს არის ის საღმრთო სასოება, რაც იოლად გადაგვატანინებს ნებისმიერ მძიმე ჟამს: „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ მხნედ იყავით, მე ვძლიე სოფელს“ (ინ. 16,33).

სამწუხაროდ, გვიწევს, დროებით უარი ვთქვათ ლიტურგიულ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაზე, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე; ეს სულაც არ ნიშნავს რომ ჩვენ უარს ვამბობთ და საერთოდ არ ვმონაწილეობთ მასში. ჩვენ ხომ ვიცით, რომ როდესაც სასულიერო პირი ღვთისმსახურებისას ცოცხლებსა და მიცვალებულებს მოიხსენიებს, თითოეული ჩვენგანიც, ისინიც კი, ვინც ღმრთისმსახურებას არ ესწრება, საიდუმლოებრივად თანაზიარი ხდება საღმრთო მადლისა.

რწმენაში ჩვენი წინაპრები, ძველი აღთქმის ეკლესიის წევრები, ტყვეობასა თუ თავისუფლებაში, ლხინისას თუ ავბედობისას, აღნიშნავდნენ პასექის დღესასწაულს, იხსენებდნენ ღმრთის ერთგულების საოცარ ისტორიას და ამ გახსენებას აქცევდნენ საოჯახო ლიტურგიად – იკრიბებოდნენ ერთი მაგიდის გარშემო და აკურთხებდნენ უფლის სახელს. წელს, საღმრთო განგებამ ასე განაგო, რომ მსოფლიოში მილიონობით მართლმადიდებელი ოჯახთან ერთად, ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილი აკურთხებს და განადიდებს ღმერთს, რომელიც ჩვენთვის განკაცდა, ჯვარს ეცვა და აღდგა, რომელიც აღდგომის შემდეგ გამოეცხადა ასევე ერთი მაგიდის გარშემო შეკრებილ მოციქულებს და სთხოვა, მათი ტრაპეზის ზიარი გაეხადათ (ლკ. 24,41-44).

იესო ქრისტე, ჩვენი პასექი, აუცილებლად იქნება ჩვენს სააღდგომო სუფრასთან ჩვენი ოჯახის წევრებს შორის, როდესაც წინასწარმეტყველთა და მოციქულთა დარად შევიკრიბებით საოჯახო ლიტურგიაზე ერთი მაგიდის გარშემო და გავიხსენებთ იმ საკვირველ საქმეებს, რომლებიც ღმერთმა ჩვენთვის აღასრულა.

ქრისტე აღდგა!

სასულიერო პირები:

დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი
დეკანოზი ზაზა თევზაძე
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი
მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე
მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია
მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე
მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი
მღვდელი ალექსი აბულაშვილი
მღვდელი მირიან მესხაძე
მღვდელი გრიგოლ ჭეჟია
დიაკონი გიორგი ღიბრაძე
დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა

თეოლოგები:

ნინო საყვარელიძე
ზურაბ ჯაში
თამარ გოგუაძე
ლევან ბუკია
შოთა კინწურაშვილი
გიორგი ხუბულური
ეკა ჭყოიძე
ნინო საძაგლიშვილი
ვლადიმერ წითლიძე
ვლადიმერ ნარსია
კახა კურტანიძე
გურამ ლურსმანაშვილი
დავით ჩიკვაიძე
ალექსი მესტუმრიშვილი
მირიან გამრეკელაშვილი
გიორგი გეგუჩაძე (აიხშტეტი)
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.