ახალი ამბები
ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ჯიშის ვარდი დარგეს
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში დღეს 22 ძირი სხვადასხვა ჯიშის ვარდი დარგეს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასევე გაითიბა მწვანე საფარი და დასუფთავდა საჩვენებელი - საკოლექციო ნაკვეთი.

საგანგებო მდგომარეობის გამო, თითქმის 2 თვით დაკეტილი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 11 მაისს გაიხსნა. მისი დათვალიერება მსურველებს დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე შეუძლიათ. ბაღში სტუმრობა წლის ბოლომდე უფასოა. მანამდე აქ ერთჯერადად შესვლა 2 ლარად იყო შესაძლებელი.

როგორც ბაღის გახსნისას „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ დირექტორმა ზვიად ქარჩავამ „ლაივპრესს“ უთხრა, შეისწავლეს ბაღის ხე-მცენარეების მდგომარეობა. შედეგად დადგინდა, რომ 15 ხე მოიჭრება, რადგან უკვე ხმელია და საფრთხის შემცველი. ასევე ჯერ კიდევ აკვირდებიან 100-ზე მეტი წლის მაგნოლიის ხეს, რომელსაც სოკოვანი დაავადება აქვს და გახმობის პირას არის მისული. მცენარეს ეტაპობრივად უტარებენ შეწამვლით სამუშაოებს.