ახალი ამბები
ბოტანიკურ ბაღში სკამი და კარი დააზიანეს, მოიპარეს მცენარეებიც - ადმინისტრაცია
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სკამები და საპირფარეშოს კარი დააზიანეს. ბაღის ადმინისტრაცია მომხდართან დაკავშირებით ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. მათი ცნობით, დაფიქსირდა მცენარეთა მოპარვის და დაზიანების ფაქტებიც.

„ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კვლავ გრძელდება ვანდალიზმის ფაქტები. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი თითოეული ჩვენი მოქალაქის საკუთრებაა და მისი დაზიანება გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას.

ბოტანიკურ ბაღის ტერიტორიაზე არაერთხელ დაფიქსირდა სკამის დაშლის ფაქტი. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს მიზანმიმართული ქმედებისაკენ, რადგან მსგავსი ქმედება შეუძლებელია ხელსაწყოების არქონის გარეშე.

ასევე შეუძლებელია ხელსაწყოების ქონის გარეშე მოიხსნას საპირფარეშოს კარის საკეტი. განსაკუთრებით დილის და საღამო პერიოდებში, არასამუშაო საათებში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია მცენარეთა მოპარვის ან/და დაზიანების ფაქტები.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისკენ, რადგან თითოული ეს ფაქტი იწვევს სისხლის სამართლის დევნას სხვისი ქონების განზრახ ან/და გაუფრთხილებლად დაზიანებას“, - ნათქვამია ბაღის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იანვარში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი უძველესი ჭურჭელი - ქვევრი დააზიანეს. უფრო ადრე კი ნავის ერთი ნიჩაბი და სკამი. ასევე გარე განათების რამდენიმე ბოძი. რისთვისაც ერთ პირს ზუგდიდის სასამართლომ 1 წლით თავისუკფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან ეთად დაკავებულს კიდევ ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.