ახალი ამბები
რუსი სამხედროები ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართებს ანახლებენ
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სამხედროებმა მავთულხლართების განახლება ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთანაც დაიწყეს. მანამდე ეს პროცესი წალენჯიხის სოფელ ფახულანის მოსაზღვრე, ოკუპირებულ საბერიოში მიმდინარეობდა.

როგორც „ლაივპრესს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში მცხოვრებმა რესპონდენტმა განუცხადა, რუსი სამხედროები ძველ, დაზიანებულ ბოძებს და მავთულხლართებს ახლით ანაცვლებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ნაბაკევში. მისი ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის განახლება-გამაგრება ეტაპობრივად ხდება, სხვადასხვა უბანზე.

მავთულხლართები ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ზოლზე. ფოტო: "ლაივპრესი"

„სადაც გაწყვეტილია ან გაჭრილია მავთული, იმ ადგილზე გაავლებენ ახალს. წლების განმავლობაში ხომ ფუჭდება ეს მავთულები. ხან ძროხა გაებმება და ზიანდება, ხანაც სპეციალურად არის გაჭრილი. ადრე, როცა ხალხი არალეგალურად ახერხებდა გადასვლას, შეგნებულად ჭრიდნენ, რომ ნაბაკევში გადასულიყვნენ. ჩემი ეზოდან ვხედავდი, როგორ გაავლეს ახალი მავთული. ჯერ მოიტანენ ბოძებს, მავთულებს, დაყრიან და შეიძლება 3-4 დღე არ გამოჩდნენ. ნელ-ნელა აკეთებენ. შეიძლება ბევრმა ვერც შეამჩნიოს, ისე ნელა მუშაობენ“, - ამბობს „ლაივპრესის“ ხურჩელი რესპონდენტი, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

მისი ცნობითვე, მავთულხლართების პარალელურად ოკუპირებულ ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ორმოებიც აქვთ გათხრილი, რათა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება მოქალაქეებმა ვერ შეძლონ.

ოკუპირებულ ნაბაკევში მავულხლართების განახლების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. „ლაივპრესს“ სუსში განუცხადეს, რომ „ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსებული მავთულხლართები და აღიმართა დამატებითი უკანონო ინსტალაციები. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას“, - აცხადებენ სუსში.

საბერიო-ფახულანის საოკუპაციო ხაზი. ფოტო: რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში მავთულხლართების განახლება დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მესაზღვრეებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსაზღვრე, ოკუპირებულ სოფელ საბერიოში დაიწყეს. როგორც „ლაივპრესს“ ოკუპირებული საბერიოს მცხოვრებლებმა უთხრეს, ე.წ. საზღვარზე, სადაც გადაადგილება მოქალაქებს ისედაც აკრძალული ჰქონდა, კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა.

აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე 2017 წლამდე 4 ე.წ. გამშვები პუნქტი - ენგურის ხიდი, ხურჩა-ნაბაკევი, ოტობაია-ორსანტია და საბერიო-ფახულანი ფუნქციონირებდა. მათ ყოველდღიურად ასობით ადამიანი კვეთდა.

2017 წლიდან კი დე ფაქტო ხელისუფლებამ უმრავლესობა ჩაკეტა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან დატოვა მხოლოდ ენგურის ხიდი, წალენჯიხაში კი საბერიო-ფახულანი. თუმცა პანდემიის გამო დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაადგილება ამ პუნქტებზეც აკრძალა 2020 წლის 14 მარტიდან.