ახალი ამბები
კარანტინში მყოფი მძღოლები ფოთში აქციას მართავენ
ფოთის აეროდრომის ტერიტორიაზე ტრაილერის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ითხოვენ კორონავირუსზე სწრაფი ტესტების ჩატარებას და მუშაობის უფლებას. გარდა ამისა მძღოლები ამბობენ, რომ მძიმე პირობებში უწევთ კარანტინში ყოფნა.

„მოგვიხსნან ეს იზოლაცია, თუ ვართ ავადმყოფები წაგვიყვანონ და გვიმკურნალონ და თუ არ ვართ მაშინ გაგვიშვან... ყოველ გადმოსვლაზე აქ ვერ დავრჩებით. გაგვიკეთონ სწრაფი ტესტები და გაგვიშვან სახლში დავიცავთ ამ თვითიზოლაციის წესებს“, - აცხადებენ მძღოლები, რომლებიც მათთვის მოწყობილ ე.წ. ტირ პარკში ცხოვრობენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სხვა ქვეყნებში სატვირთო გადაზიდვების უფლება მძღოლებს ეძლევათ და მხოლოდ საქართვლოს აქვს განსაკუთრებით მკაცრი პირობები. 

ფოთში, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებისთვის ტირ-პარკი აპრილში მოეწყო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფოთის აეროდრომის ტერიტორიაზე დროებითი ნაგებობები აშენდა, სადაც ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს უწევდათ ყოფნა, ახალი შეკვეთის მიღებამდე გაჩერდნენ.