ახალი ამბები
როგორ უნდა იმუშაონ ღია და დახურული ტიპის კვების ობიექტებმა - სესის რეკომენდაციები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეკომენდაციები შეიმუშავა ღია და დახურული კვების ობიექტებისთვის. სესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უნდა იყოს უზრუნველყოფილი წინასწარი დაჯავშნის სისტემით. იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ადგილზე მიტანის სერვისის წარმომადგენელი (იურიდიული პირის წარმომადგენელი), მოცდის პროცესი უნდა განხორციელდეს შენობის გარეთ, შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით.

მაგრამ, თუ მომსახურებას იღებს ფიზიკური პირი, ნებადართულია მოცდა დახურულ სივრცეში, პირბადის გამოყენებით და სოციალური დისტანციის შესაბამისი ნორმების დაცვით.

ობიექტების მფლობელებს ურჩევენ, წინასწარ განსაზღვრონ სტუმრებისთვის ადგილი, (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით); მიაწოდონ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ; უზრუნველყონ დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური ვიდეოსკრინინგი ან თერმოსკრინინგი; აკონტროლონ დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა; განათავსონ დეზობარიერი შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; სალაროსთან დამონტაჟდეს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი - მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით;

ამასთან, სამუშაო ადგილზე უნდა იყოს სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი, ან ანალოგიური ეფექტის მქონე სხვა სადეზინფექციო ხსნარი. უპირატესობა უნდა მიანიჭონ უნაღდო ანგარიშსწორებას.

მოთხოვნები ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის

მომხმარებელთა მაგიდებს შორის უნდა იყოს დაცული 2 მეტრიანი დისტანცია. სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა უნდა იყოს. 1 მაგიდასთან მოთავსდეს არა უმეტეს 6 მომხმარებლისა. დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია დროებითი დამცავი ბარიერის გამოყენება. სესი ურჩევს კვების ობიექტების მფლობელებს, გამოიყენონ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი; ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით, სასმელით მომსახურება მაგიდასთან მიტანის სერვისით უნდა მოხდეს; მეპატრონეებმა უნდა უზრუნველყონ შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის

აქაც აუცილებელია მაგიდებს შორის არანაკლებ ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა. ერთ მაგიდასთან მსხდომ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია; ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 2,25მ2. სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი; ერთ მაგიდასთან ამ შემთხვევაშიც უნდა განთავსდეს არაუმეტეს 6 მომხმარებლისა; გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან დასხდომა; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია დროებითი დამცავი ბარიერის გამოყენება. ამასთან, 30 მ2-მდე საერთო სასადილო ფართში დაუშვებელია დამცავი ბარიერების გამოყენება; 31 მ2-დან ზემოთ, შესაძლებელია დამცავი ბარიერების გამოყენება საერთო სასადილო ფართის არაუმეტეს 50%-ში (ამ შემთხვევაში, 1 ადამიანის განთავსების ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 1,8მ2 ).

სესის რეკომენდაციით, დახურულ სივრცეებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაცია. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შესაძლებელია ხელოვნური ვენტილაციის გამოყენებაც, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.

უნდა დაწესდეს საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე; ამ შემთხვევაშიც საჭიროა ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდის გამოყენება, სტუმრებისთვის ბეჭდური, ერთჯერადი მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის სადეზინფექციო საშუალებები უნდა განთავსდეს, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;

ამასთან, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დასაცავი პროცედურები


სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში: ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან; გაირეცხოს არანაკლებ 40⁰ჩ ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში; გაირეცხოს ხელმეორედ, არანაკლებ 40⁰ჩ ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში; გაივლოს არანაკლებ 65⁰ჩ ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით; დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე; წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰ჩ-იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;

ხელით რეცხვისას უნდა გაითვალისწინონ სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისთვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისთვის. დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში; ლუდის ბარებში ჭიქები და ბოკალები ირეცხება არანაკლებ 45-50⁰ჩ ტემპერატურის ცხელი წყლითა და სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით; სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.

მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი

გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა; ნახმარი ხელსახოცების შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში, ან სხვა თავდახურულ მოცულობაში.

დასუფთავება და დეზინფექცია

გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). დასუფთავებისთვის დააწესეთ პერიოდული 2 საათიანი რეჟიმი; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: სახელურები, ლიფტის ღილაკები, ჩამრთველები, კარის ღილაკები და ა.შ.; დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარდეს შესაბამისი ინსტრუქტაჟი; ნებისმიერი დასუფთავების საშუალება (მაგ. იატაკის საწმენდი ტილო), რომელიც დამზადებულია მატერიისგან, გამოყენების შემდეგ გარეცხეთ სადეზინფექციო საშუალებებით; არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით, ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად; საერთო სარგებლობის სივრცეების დალაგება/დეზინფექცია უნდა მოხდეს სველი წესით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

დამსაქმებლის ვალდებულებები

განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები ჩOVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ; ობიექტის შესასვლელში, დასაქმებულებისა და სტუმრებისთვის, განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები; უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით; სამუშაო ადგილებზე ერთჯერადი ხელსახოცების განთავსება;

დასაქმებულები უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, პირბადეები, დამცავი ფარები/ სათვალეები, წინსაფრები, სპეცფეხსაცმელი); ყოველი მომხმარებლის გამასპინძლების შემდგომ, მოახდინეთ მაგიდების წმენდა სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით; მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე; პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე (არანაკლებ ორ საათიანი ინტერვალები), გაანიავეთ სამუშაო სივრცეები; უზრუნველყავით ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავება რამდენჯერმე დღეში (ორ საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

უზრუნველყავით დასაქმებულთა/მომხმარებელთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ; ყოველი სამუშაო დღის შემდგომ, სამუშაო სივრცე სველი წესით უნდა დაალაგონ, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით; უზრუნველყავით სპეც.ტანსაცმლის ცენტრალიზებული რეცხვის შესაძლებლობა; გაზრდილი სიხშირით განახორციელეთ ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის რეცხვადეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან; გამოიყენეთ ყველა სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია; დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.

დასაქმებულთა ვალდებულებები

დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე; სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ; სამუშაოს დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას; ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად; გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი; მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება; შეცვალეთ ხშირად ხელთათმანები. შეცვლისას აუცილებელია ხელების დაბანა. ხელთათმანები არ განიხილოთ, როგორც ხელების დაბანის შემცვლელი საშუალება. ხელების დაბანა უფრო ეფექტური დამცავი ბარიერია ინფექციისთვის, ვიდრე ერთჯერადი ხელთათმანი; ხელთათმანები შეცვალეთ არასასურსათო პროდუქტთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მაგალითად ხელით კარების გახსნა / დახურვა და ყუთების დაცლა.

კვების ობიექტებმა, რომლებიც პანდემიის პირობებში დაიხურა, მუშაობა პირველი ივნისიდან განაახლეს.