ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულომ თანხმობა მისცა მერიას ღვთისმშობლის ფრესკის მოედანზე დადგმაზე
ზუგდიდის საკრებულომ მერიას თანხმობა ერთხმად უთხრა ცენტრალურ მეოდანზე ფრესკის განთავსებაზე. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. საკითხის განხილვას სასულიერო პირებიც ესწრებიან. სხდომაზე მყოფი დეპუტატებიდან წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ საკითხს მხარს უჭერს და დეპუტატებსაც მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ფრესკას ზუგდიდელები შეიყვარებენ.

უმრავლესობის დეპუტატ სანდრო სორდიას თქმით, როგორც ზუგდიდის საკრებულოს წევრს და მოქალაქეს, სურდა ამ საკითხზე საჯარო დიაკუსია ყოფილიყო. ამიტომ, მოუწოდეს ყველას და ეს განხორციელდა. მისივე განმარტებით, გაითვალისწინეს მოქალაქეების აზრი. სწორედ სანდრო სორდიას ინიციატივა იყო თავის დროზე, მოზაიკა მაცხოვრის კარის ეკლესიასთან განეთავსებინათ.

აღნიშნა, რომ არიან მოქალაქეები, ვინც მხარს უჭერს და ვინც კატეგორიულად არ იზიარებს ფრესკის დადგმის წინადადებას.

"ჩვენი შეთავაზების საპასუხოდ, რომ ფრესკა განთვსდეს მაცხოვრის კარის ეკლესიის მიმდებარედ, გვითხრეს რომ იქ ტაძარი უნდა აშენდეს. შემდეგ იყო მოსაზრება, რომ სამოქალაქო აქტივობებს შეზღუდავდა მოედანზე, მაგრამ იყო პასუხი, რომ მანამდეც იყო ჯვარი და თუ ის არ ზღუდავდა, ესეც არ შეზღუდავს", - განმარტა და დასძინა, რომ პოზიციას დეპუტატებთან ერთად დააფიქსირებდა.

დღევანდელ სხდომას არ დასწრებია, მაგრამ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ნიშის განთავსების წინააღმდეგია ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელია. მან "ლაივპრესს" ჯერ კიდევ დილით უთხრა, რომ ქალაქში არ იმყოფება, თუმცა სხდომაზე დასწრების შემთხვევაში, ხმას წინააღმდეგ მისცემდა.

ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის დადგმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას სურს. ეპარქიამ 20 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ამ ინიციატივის განხილვა მოაწყო, სადაც გამოითქვა მოსაზრებები, რომ თავისუფლების მოედანს სახელი შეეცვალოს და ღვთისმშობლის ეწოდოს.

საზოგადოებაში საკითხზე აზრთა სახვადასხვაობაა. ყოფილი პარლამენტარი ოთარ ჭითანავა აცხადებს, რომ ზუგდიდი ვატიკანი არ არის და მოედანზე ფრესკის დადგმის ნაცვლად სხვა იდეები აქვს.

მერიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ.

ფრესკის დადგმის ადგილი ეპარქიის წარმომადგენლებმა ივნისში მერთან ერთად დაათვალიერეს.