ახალი ამბები
აქციის მონაწილეთა პრეტენზია ლეგიტიმურია - მერი
რუხში, ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოები მანამდე იქნება შეჩერებული, სანამ მოსახლეობასთან შეთანხმება არ შედგება, - განუცხადა ზუგდიდის მერმა ჟურნალისტებს, სოფლის მცხოვრებლების მიერ საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით გამართული აქციის საპასუხოდ.

გიორგი შენგელიას თქმით, ისინი მუშაობენ პრობლემის დასაძლევად და საერთო კონსესუსის მისაღწევად მოსახლეობის მსგავსად კომპანიასთანაც. ამბობს, რომ კომპანია მუშაობს იმ სალიცენზიო ტერიტორიის ფარგლებში, რომელიც გაცემულია მასზე ჯერ კიდევ 2017 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ და სამუშაოების მწარმოებლებს კანონი არ დაურღვევიათ.

თუმცა, მერისვე განმარტებით, სოფლის მცხოვრებლებს აქვთ ლეგიტიმური პრეტენზია, რომ მათი საძოვრები ზიანდება.

გიორგი შენგელიას ინფორმაციით, ლიცენზია 22 ჰექტარზე გაიცა და კომპანიის მიერ მხოლოდ გაცილებით მცირე ნაწილი გადაითხარა. ამ ეტაპზე, მას ტერიტორიის მთლიანად ათვისების შესაძლებლობა, გიორგი შენგელიას განმარტებით არც აქვს.

"სწორედ ამაზე გვინდა მოსახლეობასთან შეთანხმება, თუ იქნება შესაძლებელი, გარკვეული კონსესუსი შედგეს მოსახლეობას, კომპანიას და ჩვენს შორის, რომ უმტკივნეულოდ დაიძლიოს ეს პრობლემა.

ჩვენ კომპანიას მოვწოდეთ, რომ შეეჩერებინათ სამუშაოები გარკვეული ვადით, სანამ მოსახლეობასთან ჩვენ საბოლოოდ არ შევჯერდებით ისე, რომ კომპანიის ინტერესებიც იყოს გათვალისწინებულიდა ბუნებრივია, მოსახლეობის ინტერესები ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. რამეთუ საძოვრების თემა ძალიან სენსიტიური", - განაცხადა მერმა.

რატომ გაიცა აღნიშნულ ტერიტორიებზე ლიცენზია, გიორგი შენგელიას თქმით, დღეს მათი გადასახედიდან ეს რთული შესაფასებელია, თუმცა უკვე არიან იმ რეჟიმში, რომ გამოსავალი მოძებნონ და პრობლემა მოგვარდეს.

"შეცდომა ვინ დაუშვა ვერ გეტყვით, მაგრამ ბუნებრივია, შეუთანხმებელი ქმედება მინიმუმ გვაქვს სახეზე. და ამით უკვე როგორც კომპანია, ისე მოსახლეობა გარკვეულწილად დაზარალდა. თუმცა, ჩვენ საერთო ენას გამოვნახავთ და მივალთ იმ კონსესუსამდე, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები", - განმარტა მერმა.

მისივე თქმით, მოსახლეობას უახლოეს დღეებში კომპეტენტურ პასუხს მიაწვდიან.

სოფლის მცხოვრებლებმა დღეს რუხში საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 100 ჰექტრამდე მიწა ქვის გადამამუშავებელმა საწარმომ მიითვისა, შედეგად კი სოფლის მცხოვრებლებმა საძოვრები დაკარგეს.