ახალი ამბები
მგზავრობა ძველი ფასებით და ახალი წესებით [ვიდეო]
საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა დღეიდან განაახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ზუგდიდში. დილიდან მგზავრების სიხალვათე დაგვხვდა რგინიგზის სადგურზე. აქ შედარებით აქტიური იყო თბილისისკენ მიმავალი მარშრუტები. მგზავრობის ღირებულება არ შეცვლილა. მაგალითად, დედაქალაქში კვლავ პანდემიამდელი ფასით, 20 ლარად იმგზავრებთ, ბათუმში 12 ლარად, ქუთაისის სამარშრუტო მიკროავტობუსის ფასი კი ისევ 8 ლარია.

მძღოლების თქმით, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით ამუშავდნენ. კერძოდ, მოხდება სატრასნპორტო საშუალების რეგულარული დეზინფექცია, მოქალაქეებს პირბადის გარეშე არ დაუშვებენ. სიცხის გამო შექმნილი დისკომფორტის მიუხედავად, კონდიცირება არ ჩაირთვება.

მძღოლები, რომლებსაც "ლაივპრესი" ესაუბრა, ამბობენ, რომ უმუშევრობის პირობებში ძალიან იზარალეს და გაუჭირდათ, თუმცა ეს მგზავრობის ღირებულებაზე არ ასახულა. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც გაირკვა, რომ ნება დართეს, მოქალაქეები ერთმანეთის გვერდით მოეთავსებინათ და შემცირებული რაოდენობით არ შეესრულებინათ რეისი.

მათივე თქმით, მთავრობისგან ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი უკვე ჩაერიცხათ.

ბათუმის სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი ჩივის, რომ დილით რამდენიმე რეისი მხოლოდ თითო-ოროლა მგზავრით შეასრულეს. იმედი აქვთ, რომ მოქალაქეები ჯერ კიდევ არ არიან ინფორმირებულები საქალაქთაშორისო მგზავრობის განახლებაზე და ეს რაოდენობა მომდევნო დღეებში მოიმატებს.

ქუთაისისკენ მიმავალ ტრანსპორტსაც მხოლოდ რამდენიმე მგზავრი ჰყავდა.

თავის მხრივ, მოქალაქეები ამბობენ, რომ კარგია მგზავრობის ძველი ფასის შენარჩუნება, თუმცა პირბადით და კონდიცირების გარეშე ძალიან გაუჭირდებათ. იციან, რომ ეს ყველაფერი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით კეთდება, მაგრამ რამდენიმესაათიანი მგზავრობა ასეთ სიცხეში მაინც გაუსაძლისად ეჩვენებათ.

რაც შეეხება სარკინიგზო მიმოსვლას, ის 15 ივნისიდან აღდგება.

ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო მგზავრობა 24 მარტიდან აიკრძალა.