ახალი ამბები
საქართველო ისრაელიდან ტურისტებს ამ ეტაპზე არ მიიღებს
ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანრმთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში ფერმერებთან საუბრისას.

მისი სიტყვებით, ისრაელიდან ტურისტების მიღებაზე მიღწეული შეთანხმება, აღნიშნულ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო არ გაფორმდა.

„ჩვენ რომ დავთქვით თარიღი, 15 ივლისი ვთქვით საერთაშორისო ტურისტების გასახსნელად.

ისრაელი იყო პირველი შესაძლებლობა, რომ უფრო ადრე გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი. ზუსტად ერთი კვირის წინ იქ უბრალოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია აფეთქდა და ათასობით ადამიანი გაყავთ კარანტინში. რამდენიმე ქვეყანაა კიდევ ასეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში, ვერანაირი ტურისტის მიღების ფასად, ჩვენი მოქალაქის ჯანრმთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება ქვეყანას შემდგომ შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება.