ახალი ამბები
მასწავლებელს სიძულვილის ენის შემცველი პოსტისთვის სასტიკი საყვედური გამოუცხადეს
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელს ფეისბუკ პოსტის გამო, სადაც ის სიხარულს გამოხატავს, რომ მომავალ სასწავლო წელს ზოგიერთი მე-12 კლასელის გარეშე შეხვდება, სასტიკი საყვედური გამოუცხადეს. განუცხადა "ლაივპრესს" სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დისციპლინურმა კომიტეტმა მიიღო, რასაც თავადაც დაეთანხმა.

"ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით მასწავლებელს გაუფორმდა სასტიკი საყვედური.ეს ყველაფერი შესაბამისობაშია მოყვანილი და დაორგანიზებულია შინაგანაწესით, რომელიც აბსოლუტურად ყველა გადაცდომაზე პასუხობს თავისი სახდელით. შესაბამისად, ეს სახდელი გახდა ამის პასუხი", - განმარტა ნინო გოგინავამ.

კომიტეტმა საქმის შესწავლა 25 მაისს დაიწყო.

ქიმიის მასწავლებლმა ხათუნა ქვარცხავამ 21 მაისს გამოაქვეყნა სიძულვილის ენი შემცველი პოსტი. პედაგოგმა მხოლოდ ექვს მოსწავლეს უსურვა წარმატებები და მათ "კაცური კაცები" უწოდა, დანარჩენებზე კი აღნიშნა - ხსენებაც ზარავს და უხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება.

ეს პოსტი ხათუნა ქვარცხავამ გამოქვეყნებიდან მალევე, დირექტორის მოთხოვნით წაშალა, თუმცა მოზარდების ნაწილმა მისი კოპირება და სოციალურ ქსელში გავრცელება მოასწრო.

მაშინ სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ მასწავლებელის საქციელს გამართლება არ აქვს.

თავად ხათუნა ქვარცხავამაც აღიარა ჟურნალისტებთან, რომ ეს არ იყო მისი მხრიდან სწორი ქმედება. "ამაზე რომ მეფიქრა და გამეაზრებინა, რა თქმა უნდა, არ დავწერდი", - განმარტა მან და ისიც დასძინა, რომ ეს პოსტი ადრინდელ წყენას უკავშირდება, რაზეც ძალიან დაწყდა გული და "ადამიანურად განიცადა".