ახალი ამბები
ყინულის მოედნის დემონტაჟი დაიწყო [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდში, თეატრის ქუჩაზე მდებარე ყინულის მოედნის სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო. კონსტრუქცია ნაწილობრივ უკვე დაშლილია და ადგილზე მუშაობა გრძელდება. დემონტაჟს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტერმინალი“ 214 677 ლარად ახორციელებს. თანხა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იხარჯება.

გარდა ამისა, ზუგდიდის მერიას მოუწევს 74999,62 ლარი გადაუხადოს ასევე ტენდერში გამარჯვებულ შპს ვეგა პლიუსს. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ ზუგდიდის მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბენდელიანის ქუჩაზე ყინულის მოედნის მოწყობის სამუშაოებისათვის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს.

ყინულის მოედნის მიმდებარე ტერიტორია 2019 წლის ივნისში გაიყიდა. ფართობი 7 მილიონ 270 ათას 118 ლარად მ2-მა შეიძინა. ელექტრონული აუქციონის პირობების თანახმად, განხორციელდება 8 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიცია. კერძოდ, აშენდება 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო.

ეს ის ტერიტორიაა, რომლის გასხვისების წინადადებასაც თავის დროზე საპროტესტო აქციები მოჰყვა. მათ შორის საკრებულოს სხდომაზე ტერიტორიის საპრივატიზებო ნუსხაში შეტანა სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციას და საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირისპირების ფონზე მოხდა.

დემონტაჟს და ახალ ლოკაციაზე გადატანას არა მიწის მესაკუთრე განახორციელებს, როგორც თავიდან ითქვა, არამედ ადგილობრივი ხელისუფლება.

მიწა ყინულის მოედნის გარეშე უკვე ნაყიდი აქვს დეველოპერულ კომპანია "მ²-ს".

სწორედ ამ კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე ჯერ კიდევ შარშან გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ მისი კომპანიისთვის მიწის მიყიდვის შემთხვევაში, ყინულის მოედნის დემონტაჟს და მერიის შერჩეულ ადგილზე აწყობას თავისი ხარჯებით უზრუნველყოფდა. თუმცა ასე არ მოხდა და საბოლოოდ თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

საკრებულოში ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა ამბობს, რომ "მ²" თავად დაშლიდა ყინულის მოედანს და გასწევდა ყველა აუცილებელ ხარჯს იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება მიწას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემდა.

ყინულის მოედნის გადატანაზე მზაობის შეასხებ 2019 წლის განცხადება 2020 წლის თებერვალშიც დაუდასტურა მიწის მფლობელმა კომპანიის წარმომადგენელმა „ლაივპრესს“ მაგრამ მიწის ერთ ლარად გადაცემაზე არაფერი თქვა.

"მიწის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონის პირობებში არაფერი იყო ნათქვამი ამ (დემონტაჟი) ვალდებულებაზე. ტერიტორიის შესაძენად კი ძალიან დიდი თანხა გადავიხადეთ", - გვითხრეს კომპანიაში.

კომპანია "მ²-მა" ყინულის მოედნის ტერიტორიაზე 8 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და 80 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების ბრენდული სასტუმრო ააშენოს.

მიწის გაყიდვის ინიციატივას 2019 წელს არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა. მიწის გასხვისების გადაწყვეტილება დაპირისპირებით დასრულდა ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზეც, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო პლაკატები მიიტანეს.