ახალი ამბები
ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან საზღვრები გახსნან, მოლაპარაკებები გვაქვს - ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან გახსნან საზღვრები, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათ შორის მინისტრმა გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები და საფრანგეთი დაასახელა.

„გერმანაიმ გამოაცხადა, რომ არანაირ წინაპირობას არ აყენებს, თუმცა იქ შეიძლება რაღაც წესები დაწესდეს, თუმცა ის უშვებს და ემორჩილება რეკომენდაციას, რომელიც ევროკავშირმა მიიღო. ასევე, ბალტიისპირეთის ქვეყნები, აუნგრეთი. ის ქვეყნები, რომლებმაც უკვე გამოაცხადეს, რომ მზად არიან, ბუნებრივია, მათთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენი გადაწყვეტილებაც საზღვრის კვეთის წესებთან დაკავშირებით იქნება ორმხრივად შეთანხმებული. გამომდინარე იქიდან, რომ ინტერესი არის ძალიან მაღალი, ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ვაცნობებთ საზოგადოებას. არის ორმხრივად დასადგენი ამბავი ჩვენსა და გერმანიას, ჩვენსა და საფრანგეთს, ჩვენსა და ბელგიას, ჩვენსა და ლატვიას შორის.

ჩვენ მათ მოქალაქეებზეც ვზრუნავთ და ჩვენს მოქალაქეებზეც. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივად იყოს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. მერწმუნეთ, რომ ყველა იქნება კმაყოფილი. ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ ლატვიელი კოლეგებიც კმაყოფილები იქნებიან, ჩვენი გერმანელი კოლეგებიც და ფრანგი კოლეგებიც. ამ სიტუაციაში, ხომ ხედავთ, ევროკავშირის შიგნითაც გაურკვეველი სიტუაციაა. ყველაფერი მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილების ტემპი უნდა იყოს ეპიდსიტუაციასთან თავსებადობაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.