ახალი ამბები
მოსახლეობა ბარნოვის ქუჩის მოასფალტებას ითხოვს
ზუგდიდში, ბარნოვის ქუჩის მცხოვრებლები ქუჩის რეკონსტრუქციას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, ასფალტის საფარი სრულადაა განადგურებული, გზაზე მიმოფანტული ქვა-ღორღი კი ანტისანიტარიას ქმნის. ავტომანქანების გადაადგილების შემდეგ, როგორც მოქალაქეები განმარტავენ, ჰაერში მტვერი გროვდება, მზიან ამინდებში კი ფანჯრების გაღება, სახლის განიავება და ეზოში ყოფნა შეუძლებელია.

მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ქალაქში ქუჩების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს, რაც კარგია, თუმცა სამუშაოები ჯერ მათ საცხოვრებელ ტერიტორიას არ შეხებია.

საუბარი, როგორც განცხადების ხელმომწერები ამბობენ, ქუჩის ერთ მონაკვეთს შეეხება, სადაც 20-მდე ოჯახი ცხოვრობს.

"არადა, მიმდებარე ქუჩები ან უკვე რეაბილიტირებულია, ან/და წელსვე იგეგმება მათი მოასფალტება. ჩვენი ქუჩის გამოტოვება კი უსამართლობად მიგვაჩნია", - ამბობენ ადგილობრივები.

ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ მუნიციპალიტეტის მერია გამონახავს საჭირო ფინანსებს და ბარნოვის ქუჩაზეც ასფალტის ახალი საფარი წელსვე დაიგება.

ქუჩის მცხოვრებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგლომლობისთვის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან" მოქმედ სამოქალაქო საბჭოს მიმართეს, მათ კი თავის მხრივ, მოსახლეობის განცხადება მერიას მიაწოდეს.

"ჩვენი სამოქალაქო საბჭოს წევრთან ერთად ვიყავიდ ადგილზე. შევიმუშავეთ განცხადება. შეგროვდა ხელმოწერები და დღეს მივმართეთ ზუგდიდის მერიას. იმედს გამოვთქვამთ, რომ მუნიციპალიტეტი დააკმაყოფილებს მოსახლეობის თხოვნას და დააგებს ასფალტს ბარნოვის ქუჩაზე", - უთხრა "ლაივპრესს"ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ წერილს შეისწავლიან და მხოლოდ ამის შემდეგ ეცოდინებათ, რა ვადებში მოხდება ბარნოვის ქუჩის მოასფალტება. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ამ ეტაპზე 34 გზის რეკონსტრუქციაზეა ტენდერი გამოცხადებული, პარარელურად კი გზების დეპარტამენტიც ახორციელებს აღდგენის სამუშაოებს, წყალმომარაგების კომპანია კი სოფლებში მუშაობს. მათივე თქმით, ესმით მოსახლეობის მოთხოვნის, თუმცა ერთდროულად და სწრაფად ყველა ქუჩის მოასფალტება ვერ განხორციელდება.