ახალი ამბები
სატვირთოს მძღოლს კორონავირუსი საზღვრის კვეთიდან მე-7 დღეს დაუდასტურდა
პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ზუგდიდში დაუდასტურდა, 30 ივნისს შემოვიდა რუსეთიდან, დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან.

ზუგდიდის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას განცხადებით, პაციენტი არის 60 წლამდე მამაკაცი, შიდა ქართლის რეგიონიდან. ის სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„მას შემოსვლისთანავე ჩაუტარდა ანტიგენ ანტისხეულზე ჯვარედინი ტესტირება, შედეგი იყო უარყოფითი. მოგეხსენებათ რომ მძღოლები ყოველ 72 საათში იტარებენ ტესტირებას. მეორე ტესტირება მას ჩაუტარდა კლინიკა „გორმედში“, სადაც პასუხი ისევ უარყოფითი იყო. 6 ივნისს დილის 7 საათზე მომართა რუხის ჰოსპიტალს, ჩაუტარდა აქაც ტესტირება და დადებითი იყო ანტიგენი, რის შემდეგაც ის გადაყვანილ იქნა ჰოსპიტალურ ნაწილში და ჩაუტარდა დამადასტურებელი პისიარ ტესტირება და შემთხვევა დადასტურდა. ის სავარაუდოდ, რუსეთში დაინფიცირდა და ვირუსი საზღვრის კვეთიდან მე-7 დღეს დაუდასტურდა“, - განაცხადა ნანა ოდიშარიამ.

მისივე ინფორმაციით, გამოვლენილია 2 კონტაქტი, რომლებიც ანაკლიის საკარანტინე სივრცეში მოათავსეს.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამაყოფიელებელია, ის რუხის ჰოსპიტალში მკურნალობს.