ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრმა პრემიერა ღია სივრცეში - ბოტანიკურ ბაღში გამართა [ფოტო]
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 5 თვიანი პაუზის შემდეგ პრემიერა გამართა.

გიორგი ლეონიძის მოთხრობის მიხედვით, სპექტაკლი "მარიტა"დასმა ღია სივრცეში - ბოტანიკურ ბაღში წარმოადგინა.

წარმოდგენა თოჯინური და ცოცხალი პლანის სინთეზით დაიდგა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ეს პირველი სპექტაკლია.

"ვთვლი რომ სწორედ თეატრის დანიშნულებაც ეს არის რომ ამ სიტუაციიდან გამოიყვანოს მაყურებელი, დაეხმაროს ადაპტაციასა და რეაბილიტაციაში, და ჯერ კიდევ შეზღუდვების პირობებში რაკი მუშობს თეატრი და გარკვეულ რეგულაციებს იცავს სწორედ ეს სივრცე შეირჩა და ვფიქრობ რომ მოიხდინა სპექტაკლმა", - გვითხრა რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა.

წვიმის მიუხედავად წარმოდგენას ბევრი მაყურებელი ჰყავდა.

"ყოველთვის ვიცოდი, რომ ზუგდიდის თეატრს მაყურებელი ჰყავდა და ძალიან ბედიერი ვარ ამითი იმიტომ შედეგი არის ძალიან პოზიტიური.წვიმის მიუხედავად მაყურებელი მოვიდა და ბოლომდე დარჩა", - გვითხრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა შეროზიამ.

ზუგდიდის თეატრი კიდევ ერთ სპექტაკლს გამართავს ანაკლიის ამფითეატრში, რის შემდეგაც ახალი სეზონისთვის მოემზადება.

თეატრებმა რეპეტიციები კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით, მარტის დასაწყისში შეწყვიტა.