ახალი ამბები
იდლიანის მცხოვრებლები ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენას ითხოვენ
მესტიის მუნიციპალიტეტის 150 კომლიან თემში, იდლიანში მოსახლეობა ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენას ითხოვს. თემის მცხოვრებლებმა ამ მოთხოვნით ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს და ითხოვენ პასუხს ადგილობრივი ხელისუფლებისგან. საუბარია ხიდზე, რომელიც 80-იან წლებში ფუნქციონირებდა და ენგურჰესის მშენებლობისას გაუქმდა.

მოსახლეობის განცხადებით, ცენტრალლურ გზამდე შემოვლითი გზით უწევთ მისვლა, რაც განსაკუთრებით რთულია ზამთარში, უხვი ნალექის დროს. საჭიროების შემთხვევაში პრობლემა ექმნება სასწრაფო დახმარების მანქანებსაც და ავადმყოფამდე დროულად მისვლას ვერ ახერხებენ.

„წინა საუკუნიდან დაპირებების ფონზე ვართ და არ შესრულდა. სოფელს ჰქონდა ხიდი, რომელიც ჩაძირა გესმა. გვიწევს შემოვლითი გზით სიარული, იმსხვრევა ტრანსპორტი. თემს განსაკუთრებით ზამთარში ექმნება პრობლემა, იმხელა შემოვლით გზაა, რომ შეიძლება დიდთოვლობის გამო ვერ გაგვყავს პაცინეტი“, - თქვა აქციის მონაწილე ვახტანგ ჯობავამ.

შეკრებილები ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემასთან დაკავშირებით პასუხს ითხოვენ.