ახალი ამბები
გუდაუთის საავადმყოფოში 5 კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს
გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ბავშვი მკურნალობს. მათგან სამი ერთი ოჯახის წევრია. ერთი ოჯახის წევრია დანარჩენი ორიც. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ბავშვთა კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა გეგიას თქმით, ისინი მშობლებისგან დაინფიცირდნენ.

ინფიცირებულებს შორის ყველაზე პატარა ერთი წლისაა, დიდი კი 10 წლის.

"ბავშვების მკურნალობის ტაქტიკა სიმპტომატურია. სვამენ ბევრ სითხეს. მოზრდილებისგან განსხვავებით, მათ ანტიბიოტიკოთერაპიას არ ვუნიშნავთ", - აღნიშნა გეგიამ.

მისივე განმარტებით, ბავშვები მშობლებთან ერთად იმყოფებიან საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მარინა გეგია ამბობს, რომ პაციენტები მან სტაციონარულ მკურნალობას ერთი კვირის განმავლობაში გაივლიან, ტესტის შედეგების საფუძველზე კი გაირკვევა, შესაძლებელია თუ არა მათი სახლში გაწერა, სადაც კიდევ ორი კვირა თვითიზოლაციაში დარჩებიან.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 37 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა. პაციენტს მძიმე ხარისხის პნევმონია ჰქონდა, თუმცა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, უკვე იკვეთება ჯანმრთელობის მკვეთრი გაუმჯობესება.