ახალი ამბები
3 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი მერიის შპს - ს გადაეცა
ზუგდიდის საკრებულომ მხარი დაუჭირა ფაიფურის მიმდებარე ტერიტორიაზე 37 ათას კვადრატული მეტრი ფართობი შპს "ზუგდიდაგროსერვისისთვის" გადაცემას.

საკრებულოს ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, ტერიტორია "ზუგდიდიაგროსერვისს" უვადო სარგებლობის წესით სანერგე მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა.

"შეისწავლიან მუნიციპალიტეტის საჭიროებას და ამ საჭიროებებზე მორგებულ სანერგე მეურნეობას მოაწყობენ", - აღნიშნა მან.

აპრილში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვით, ზუგდიდის ბიუჯეტს 2018-2019 წლებში, 460 ათასი ლარი დაუჯდა შპს-ს დაფინანსება. ამ თანხის 85 % ხელფასებს მოხმარდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს "ზუგდიდაგროსერვისი" მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა მას არავითარი სარგებელი არ მოაქვს, - ასე აფასებს შპს-ს მუშაობას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".