ახალი ამბები
„ევროპულ საქართველოს“ ზუგდიდის მერიამ ბულვარში განთავსებული კონსტრუქციის დაშლა მოსთხოვა
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ბათლომე შელია აცხადებს, რომ მას მერია ხელს უშლის მოსახლეობას ესაუბროს.

ორგანიზაციამ დღეს, ზუგდიდის ბულვარში კონსტრუქცია განათავსა, სადაც პარტიის აქტივისტები საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ, რა დროსაც მათთან მივიდა მერიის ზედამხედველობის სამსახური და კონსტრუქციის აღება მოსთხოვა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიგა მელიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ საერთო სარგებლობის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის კონსტრუქციის განთავსებას მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ნებართვა სჭირდება.

"ვინაიდან, მათ არ ჰქონდათ მუნიცაპალიტეტის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა კონსტრუქციის განთავსებაზე, ზედამხედველობის სამსახურმა ისინი გააფრთხილა და მისცა გონივრული ვადა ნებართვის მისაღებად. ორგანიზაციას მიეთითა, რომ მიმართოს მერიის შესაბამის ორგანოს ნებართვის მისაღებად და კანონის შესაბამისად იმოქმედოს. სანამ ნებართვა არ ექნებათ, კონსტრუქცია უნდა აიღონ", - განაცხადა გიგა მელიამ.

თავის მხრივ, ბათლომე შელია აცხადებს, კონსტრუქციის აღებას არ აპირებს.

"დღეს წვიმას ველოდით და ამიტომაც განვათავსეთ გადახურული მსუბუქი კონსტრუქცია, მოვიდა ზედამხდველობის სამსახური და დაგვემუქრა. ეს არ არის სავაჭრო ობიექტი, ჩვენ ვესაუბრებით მოსახლეობას. ბუკლეტების დარიგებას არ სჭირდება არავის ნებართვა. ჩვენ არ ვარღვევთ კანონს და არ ვაპირებთ კონსტრუქციის დაშლას" , - უთხრა "ლაივპრესს" ბათლომე შელიამ.