ახალი ამბები
მშობელს საბავშვო ბაღში შესვლა ეკრძალება
სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, საბავშვო ბაღები კი პირველი ოქტომბრიდან.

ბაღებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ხვალ გახდება ცნობილი, თუმცა შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ რამდენიმე მათგანზე ისაუბრა.

"რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც უნდა დაწესდეს ბაღებში, პირველ რიგში იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში და ამ შემთხვევაში ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ბავშვის მიღება და შემდგომი პროცედურების განხორციელება. გამოყოფილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს, ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა. გაწერილი იქნება ეს პროცედურა დეტალურად. ბაღის დაწყებამდე დეტალურად მოხდება შრომის ინსპექციის მხრიდან შესწავლა სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად, დამატებით ბაღის პერსონალს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს პატარებთან ურთიერთობისას. წესდება ასევე შეზღუდვები ბავშვის გამოყვანის დროს, რადგან მშობელი ვერ მოახდენს შენობაში შესვლას, მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა განახორციელოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა და ეს მოხდეს შესასვლელიდან. ასევე დაწესებულია რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე, უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა დაბალანსებული იყოს თითოეულ ჯგუფში. იკრძალება ისეთი სათამაშოს წამოღება სახლიდან, ასევე ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომლის დეზინფექცია არის რთულად განსახორციელებელი, სათამაშოების რეცხვა უნდა განხორციელდეს 37 გრადუსზე და გაშრობაც როგორ უნდა განხორციელდეს, დეტალურად იქნება გაწერილი,"- განაცხადა ფერაძემ.

სკოლებისა და ბაღების გახსნის თარიღი დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაასახელა.

პანდემიის გამო საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება მარტიდან შეწყვიტეს.