ახალი ამბები
შეიარაღებულებმა გატაცებული ბიზნესმენი საქართველოს საზღვრისკენ წაიყვანეს - ე.წ. შსს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ადამიანის გატაცების ფაქტზე. ე.წ. შსს-ს ცნობით, მათთან 6 სექტემბერს შევიდა შეტყობინება, რომ გატაცებულია 1962 წელს დაბადებული, სოფელ საბერიოს მკვიდრი ჯემალ სოსელია.

„უწყების“ მოკვლევით დადგინდა, რომ 5 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ტყვარჩელის რაიონის სოფელ რეჩხში შავებში ჩაცმულმა, შეიარაებულმა და ნიღბიანმა პირებმა ჯემალ სოსელიას ავტომობილი გააჩერეს და გალის რაიონის სოფელ დიხაზურგის მიმართულებით წაიყვანეს.

ე.წ. შს სამინისტროს ინფორმაციით, მოგვიანებით, ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე გამტაცებლებსა და ჯემალ სოსელიას შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება მეგრულ ენაზე. მოგვიანებით კი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ამის შემდეგ სოსელია ძალის გამოყენებით წაიყვანეს საქართველოსთან ე.წ. საზღვრის მიმართულებით. მათივე ცნობით, დადგენილია, რომ მათ გზა ქვეითად ტყეში გააგრძელეს. ავტომობილი კი „სამართალდამცავებმა“ გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში, გზაზე იპოვეს.

„სამინისტროში“ აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

ჯემალ სოსელიას გატაცების შესახებ ინფორმაცია 6 სექტემბერს გაავრცელა გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ. ის დარწმუნებულია, რომ დანაშაული „საქართველოდან ჩასულმა პირებმა“ გალელი თანამზრახველების დახმარებით ჩაიდინეს, რადგან წლების წინ სწორედ ამ სქმებით ხდებოდა ადამიანის გატაცებები.

მოგვიანებით ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა რადიო „ეხო კავკაზამ“. მათი ცნობით, ჯემალ სოსელია საბერიოს მკვიდრია, ცხოვრობს სოჭში, სადაც აქვს კერძო ბიზნესი. ის რუსეთის მოქალაქეა, საბერიოში კი პერიოდულად, საკუთარ სახლს სტუმრობდა.

„ეხო კავკაზას“ წყაროს ცნობით, ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნესმენის ცემის ფაქტს შეესწრო ჰესის დაცის 2 თანამშრომელი, რომლებმაც ჯემალ სოსელიას დახმარება სცადეს, თუმცა გამტაცებლებმა მათაც სცემეს და ტელეფონები წაართვეს.

მომხდართან დაკავშირებით, გალის ტელევიზია იუწყება, რომ გამტაცებლებისგან გამოსასყიდი თანხის შესახებ ცნობები ჯერ არ გავრცელებულა.