ახალი ამბები
ირმა ინაშვილი ენგურის ხიდზე ელოდება აფხაზებისგან მობრუნებულ ხატს [ფოტო]
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად ენგურის ხიდზე ელოდებიან აფხაზებისგან მობრუნებული ხატის გადმოიტანას.

საოკუპაციო ხაზთან იმყოფებიან ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია, რომლებმაც 3 კვირის წინ ილორის ტაძარში საჩუქრად ჩაიტანეს ხატი.

ირმა ინაშვილმა, აფხაზებისთვის ნაჩუქარი ხატის უკან დაბრუნებაში ქართველი პოლიტიკოსები და მედია დაადანაშაულა.

„მობრძანდება ილორის ღვთისმშობელი, ჩვენ უნდა დავხვდეთ, რომელიც ამიერიდან იქნება დევნილთა შემწე. იმიტომ, რომ თვითონ დევნილობაში მოექცა ეს ხატი და მე მინდა ძალიან საყურადღებო რამ ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, ქართველ ე.წ. პოლიტიკოსებს, თქვენ ჟურნალისტებს, გახარებულები ხართ „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „რუსთავი 2“, სხვა დანარჩენები?. შავი სიხარულით გიხარიათ ხატი რომ მობრძანდება?. მე გაოგნებული ვარ ჩვენი ე.წ. პოლიტიკური სპექტრის ქმედებით. გაოგნებული და შეძრწული ვარ ხატმებრძოლეობის მთელი ამ პროცესის ანალიზით და ეს არის ოცდამეერთე საუკუნის ხატმებრძოლეობა, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული იყო მთელი პოლიტიკური სპექტრი. არა მარტო სააკაშვილ-ბოკერიები, არამედ სახელისუფლებო ლიდერებიც, კობახიძის შტო მთლიანად. ხატის გადმოცემა, რომ ხდება დღეს ამისთვის დიდად იშრომეს მათ, იმდენად დააზიანეს და გააფუჭეს ყველაფერი. მათი თვალსაწიერიდან ვამბობ ამას.

ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ნაბიჯს, რაც ჩვენ გადავდგით, ძალიან ჩუმ და უპრეტენზიო ნაბიჯს, რაც ჩვენ გადავდგით... მე თქვენ არ მომიწვევიხართ ენგურზე, როდესაც ხატს მივაბრძანებდით მე და გიორგი ლომია ილორის ტაძარში. მე, რომ პოლიტიკური ქულების დაწერა მდომებოდა აქ მოგიწვევდით ენგურის ხიდზე და თქვენ გადაიღებდით ამ ყველაფერს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მან აფხაზებსაც მიმართა და თქვა, რომ ხატის უკან დაბრუნების ფაქტი არ შეაჩერებს სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯებს:

„ჩემო დებო და ძმებო, მე თქვენ მიყვარხართ. დღევანდელი ფაქტი ვერ შეგვაჩერებს გადავდგათ ნაბიჯები შერიგების გზაზე. ჩვენ უახლოეს ხანში კიდევ გვაქვს დაგეგმილი ნაბიჯები, რაც სიხარულს მოუტანს აფხაზებს, სიხარულს მოუტანს ქართველებს, სიხარულს მოუტანს ოსებს. ვერ გაგვაჩერებს ჩვენ თხუთმეტიოდე სააკაშვილ-ბოკერია-ხოშტარია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ენგურის ხიდთან იმყოფებიან სასულიერო პირებიც. მღვდელმა ფრიდონ ასათიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მივიდნენ. მანვე თქვა, რომ ჯერ არ აქვს ინფორმაცია სად განთავსდება აფხაზების მობრუნებული ხატი.

აფხაზებმა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ილორის ტაძარში ჩატანილი ხატი საოკუპაციო ხაზთან 5 სექტემბერს მოიტანეს და ენგურის ხიდთან დატოვეს.

აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ წარმომადგენლებმა მანამდე განცხადებაც გააკეთეს, სადაც ნათქვამია, რომ ხატს ე.წ. საბაჟო გამშვებ-პუნქტზე დატოვებდნენ, სანამ „ქართული მხარე“ არ იზრუნებდა მის უკან დაბრუნებაზე.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ცნობა „მთავარი არხით“ 20 აგვისტოს გავრცელდა, რაც 24 აგვისტოს პრესკონფერენციაზე დაადასტურა პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა. მისი სიტყვებით, ოკუპირებულ რეგიონში საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან, გიორგი ლომიასთან ერთად იმყოფებოდა და საჩუქრად ჩაიტანა ღვთისმშობლის ხატი ილორის ტაძარში.

"ამ ხატზე მოწყალე ღვთისმშობელია გამოსახული, რომელსაც გვერდს უმშვენებენ წმინდა ევსტათი პლაკიდა და წმინდა ევსტათი აფსილი - აფხაზთ მფარველი, - განაცხადა ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა.

მისი აფხაზეთში ვიზიტი უფრო ადრე, ე.წ. პრეზიდენტის უკვე ყოფილმა მრჩეველმა ლაშა საქანიამ დაადასტურა. სწორედ ამ ვიზიტის გამო, ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ "არუაამ" საქანიას სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა.

დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი შამბას თქმით, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ის "საქმის კურსში იყო" თავისი თანაშემწის ლაშა საქანიას ქმედებების შესახებ. ლაშა საქანიამ თანამდებობა 26 აგვისტოს დატოვა.