ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრი სოხუმის დაცემის დღეს დევნილი ქალის ისტორიაზე სპექტაკლს უჩვენებს
ზუგდიდის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება. 27 სექტემბერს მაყურებელს ბათუმის მონოპიესების ფესტივალის გამარჯვებულ სპექტაკლ "შეჭრას" უჩვენებენ. წარმოდგენა რუხის ციხეში, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით გაიმართება და ის სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნება.

მონოსპექტაკლში ბათუმის თეატრის მსახიობი მარინა ბურდული თამაშობს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და წარმოდგენის რეჟისორმა ლაშა შეროზიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ დადგმა დევნილი ქალის მძიმე ისტორიას მოგვითხრობს. ეს არის ჯულიეტა კვარაცხელიას ამბავი, რომელიც სოხუმში დაიბადა, დღეს კი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი, ბათუმში ცხოვრობს.

"პიესას "შეჭრა" ჰქვია. ქალი იჭრება ერთ-ერთ შენობაში და თავის რთულ ამბავს ყვება, რაც დევნილობისას გამოიარა. ამ სპექტაკლის პრემიერა შარშან შედგა ერთ-ერთი ფესტივალის ფარგლებში. მერე ჩვენ ზუგდიდში მარტში ვითამაშეთ ერთხელ. დევნილებიც ესწრებოდნენ", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ახალ თეატრალურ სეზონს, ლაშა შეროზიას თქმით, მაყურებელს ოთხი პრემიერა ელოდება. ერთ სპექტაკლზე მუშაობა, სახელწოდებით "ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები", უკვე დაასრულეს და ორი დღეა ახალი წარმოდგენის მზადებას შეუდგნენ.

"პარალელურად, ოქტომბრის შუა იცხვებიდან კიდევ ერთი სპექტაკლი ჩაეშვება, ნომებერში კიდევ ერთ.ს ოთხ პრემიერას ვამზადებთ", - განმარტა სამხატვრო ხელმძღვანელმა.

"შეჭრა" რუხის ციხეში 19:00 საათზე დაიწყება.

პანდემიის პირობებში დასი სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ უჩვენებს. პირველი ნოემბრიდან, მთავრობის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, უკვე აქვთ უფლება მაყურებელს დახურულ სივრცეში უმასპინძლონ. თუმცა ლაშა შეროზიამ ჯერ არ იცის, იმ დროისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით როგორი ვითარება იქნება ქვეყანაში, გახანგრძლივდება თუ არა შეზღუდვები.

ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ, პირველად მაყურებელს პირისპირ 28 ივლისს შეხვდა.